საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
1918–1921 წლებში არსებული ქვეყანა / From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — ტფილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შემოიტანა და წარმატებით დანერგა საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, რელიგიური პლურალიზმი და სხვ. რესპუბლიკის არსებობის მცირე პერიოდში მოესწრო მსოფლიოში დეპუტატად პირველი მუსლიმი ქალის არჩევა.[1]
რუსეთისა და თურქეთის აგრესიის წინაშე, ბლოკადისა და ომის პირობებში, რესპუბლიკამ მიაღწია ეკონომიკურ და ინსტიტუციურ პირველობას რუსეთის ყოფილ იმპერიაში. არაერთი წარმატებული ომის ხარჯზე, შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის შემადგენლობაში შეინარჩუნა: სამუსლიმანო საქართველო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლორე, ზაქათალის ოლქი. საერთაშორისო ასპარეზზე, ფაქტობრივად არარსებული ბიუჯეტის პირობებში, პოლიტიკურმა ელიტამ, პროპაგანდისა და დიპლომატიური მუშაობის მეშვეობით, გაიტანა საქართველოს სახელი. საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. ერთა ლიგაში საქართველოს წევრობას მხარი დაუჭირა ათმა სახელმწიფომ, ხოლო ესტონეთისა და ლატვიის წევრობას - ხუთმა სახელმწიფომ. მთავრობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ელიტას ცალსახა კონსენსუსი ჰქონდა რუსეთის თაობაზე. 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ციხეში მრავალი ბოლშევიკი აგენტი რჩებოდა.[1]
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჯარში, სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში რუსული ენა ქართულმა ჩაანაცვლა. დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი.[2] დაიწყო ქართულ სახელმძღვანელოებსა და ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა. ამის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებობას აგრძელებდნენ სკოლები და ნოყიერი ნიადაგი არსებობდა მათი კულტურული განვითარებისთვის.[1]
წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯერ ტფილისის, ხოლო შემდეგ სურამის ბრძოლებში პირველი რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, რესპუბლიკა 1921 წელს წითელმა არმიამ დაიპყრო. 1921 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის დაძალებით ჯერ ყარსის ხელშეკრულება, ხოლო მოგვიანებით მოსკოვის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველომ დაკარგა პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები. 1922 წელს საქართველო ჯერ ამიერკავკასიის სფსრ-ში გააწევრიანეს, ხოლო შემდეგ იმავე წელს, ფედერაციასთან ერთად საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირს შეუერთეს. საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში საფრანგეთში გადავიდა.[3] ემიგრაციაში ყოფნისას მთავრობის წევრები აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ლევილის მამულში ქართული კულტურის კერა შეიქმნა. რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს ეროვნული განძის უსაფრთხოება, რომელიც მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა და ბოლშევიკების მიერ განადგურებას გადაარჩინეს. საბჭოთა პროპაგანდა არსებობის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით კი — ნოე ჟორდანიას, დისკრედიტაციას.[4] 1990 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეაფასა როგორც ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობა პირველი რესპუბლიკის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით გამოცხადდა.