ფერენც ლისტი
უნგრელი რომანტიკოსი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფერენც (ფრანც) ლისტი[შ 1] (დ. 22 ოქტომბერი, 1811 — გ. 31 ივლისი, 1886) — რომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში.[1]
სათაურით „ლისტი“ ეს სტატია იძებნება. იხ. ლისტი (გვარი). |
ფერენც ლისტი | |
---|---|
ლისტი 1858 წელს, ფრანც ჰანფშტენგლის ფოტო | |
დაიბადა |
22 ოქტომბერი, 1811 დობორიანი, უნგრეთის სამეფო, ავსტრიის იმპერია |
გარდაიცვალა |
31 ივლისი, 1886 (74 წლის) ბაიროითი, ბავარიის სამეფო, გერმანიის იმპერია |
ოჯახი |
|
ისტორიული პერიოდი | რომანტიზმი |
ნამუშევრების სია | ნაწარმოებების სია |
ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა.[2] იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა.[3] ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა.[4] მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია.[5][6] ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს, რომელთა შორის არიან: ფრიდერიკ შოპენი, ჩარლზ-ვალენტინ ალკანი, რიხარდ ვაგნერი, ჰექტორ ბერლიოზი, რობერტ შუმანი, კლარა შუმანი, კამილ სენ-სანსი, ედვარდ გრიგი, ულე ბული, იოაჰიმ რაფი, მიხეილ გლინკა და ალექსანდრე ბოროდინი.[7]
ლისტი ახალი გერმანული სკოლის (გერმ. Neudeutsche Schule) ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში.[8] ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად. „Années de pèlerinage“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიაზრებენ, შეიცავს მრავალ იმპრესიონისტულ ელემენტს.[9] ლისტის გვიანი ნამუშევრები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება თავისი ადრეული სტილისგან, შეიცავს ექსპერიმენტებს ატონალობაში, რამაც მოასწავა XX საუკუნის სერიალისტური მოძრაობა.