თავჰიდი (არაბ. توحيد; თავჰიდ, ერთობა) ან თევჰიდი, არის ისლამის ძირითადი პრინციპი, იბრაჰიმისეული ერთღმერთიანობა. ისლამის სწავლების თანახმად, ღმერთი არის ერთადერთი (არაბ. الواحد; ალ–ვაჰიდ)[1] და უბადლო (არაბ. الأحد; ალ–აჰად)[2]. ისლამური სწავლება სწორედ ამ ამოსავალ წერტილზეა დაფუძნებული – როგორც იბრაჰიმის რწმენის აღდგენა.
ისლამური სწავლებით, ჭეშმარიტი ერთღმერთიანობის სწავლება გაამრუდეს და დაამახინჯეს როგორც იუდევლებმა რჩეული ერის ტიტულის რელიგიაში შემოტანით, ამ სტატუსის თავის თავზე მინიჭებითა და რელიგიის ნაციონალისტურ საბურველში შეხვევით, ასევე ქრისტიანებმა სამების ცნების რელიგიაში შეტანით და ღმერთისთვის თანაზიარების გაჩენით.[3]
ისლამის აღიარების ფორმულის, შაჰადის პირველი ნაწილი არ არის ღვთაება [თაყვანისცემის ღირსი], გარდა [ერთი] ღმერთისა (არაბ. لا إله إلا الله; ლა ილაჰა ილლა ლ–ლაჰ) ითვლება თავჰიდის სიტყვიერ გამოხატულებად.