Fallout 3
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„Fallout 3“ — მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში ღია სამყაროთი, რომლის დეველოპერია Bethesda Game Studios, ხოლო გამომცემელი Bethesda Softworks. ეს არის რიგით მესამე ნაწილი „Fallout“-ის სერიიდან[1] და პირველი სერიიდან, რომელიც შეიმუშავა ბეთესდამ მას შემდეგ, რაც შეისყიდა ფრენჩაიზის უფლებები Interplay Entertainment-ისგან. „Fallout 3“-ის გეიმპლეი შესამჩნევად არის გაუმჯობესებული და წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას წინა თამაშებისგან, სადაც 2D იზომეტრიული გრაფიკა ჩანაცვლებულია 3D კომპიუტერული გრაფიკით. გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში Microsoft Windows-ის, Playstation 3-სა და Xbox 360-ის პლატფორმებისთვის. [2][3][4]
“Fallout 3„-ის სიუჟეტი მიმდინარეობს პოსტაპოკალიფტურ ღია სამყაროში, 2277 წელს, „Fallout 2“-ის მოვლენებიდან 36 წლის შემდეგ (თუმცა ეს არ არის მისი პირდაპირი გაგრძელება), სადაც ატომის ეპოქაში, ბირთვული ომის შედეგად მთელი მსოფლიო განადგურდა. ამ კატასტროფის მიზეზი გახდა 2077 წელს აშშ-სა და ჩინეთს შორის ნავთობის დეფიციტის გამო მომხდარი „დიდი ომის“ სახელით ცნობილი საერთაშორისო კონფლიქტი. თამაშის მთავარი გმირია თავშესაფარ 101-ის მკვიდრი. თავშესაფრები შეიქმნა ბირთვული ომისგან თავდასაცავად და თითოეული 1000 ადამიანზე იყო გათვალისწინებული. ერთ დღესაც, პერსონაჟის მამა თავშესაფრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მთავარი გმირი მიემგზავრება მის მოსაძებნად. საბოლოოდ ნახულობს მას და ცდილობს დაეხმაროს მამას ანკლავის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც შედგება ომამდელი აშშ-ის ფედერალური მთავრობის ნარჩენებისგან. მოქმედება ვითარდება ქალაქ ვაშინგტონის ნანგრევებში, რომელსაც უწოდებენ „დედაქალაქ უდაბნოს“. მოგზაურობისას პერსონაჟს ეხმარებიან გადარჩენილი ადამიანები. მოთამაშეს უწევს ბრძოლა სხვადასხვა მტრის წინააღმდეგ, რომელიც ბინადრობს ამ ტერიტორიაზე.
პროექტის კოდური სახელწოდება იყო „Van Buren“ და თავდაპირველად მუშაობდა Interplay Entertainment-ის ქვედანაყოფი Black Isle Studios. გამოშვება დაგეგმილი იყო 2003 წელს, თუმცა პროექტის დასრულებამდე Interplay გაკოტრდა და „Fallout 3“-ის უფლებები მიჰყიდა Bethesda Softworks. ბეთესდამ მუშაობა დაიწყო 2004 წელს. 2008 წლის 28 ოქტომბერს თამაშმა საბოლოოდ იხილა მზის შუქი.
„Fallout 3“-მა მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისგან და გადაეცა უამრავი პრესტიჟული ჯილდო ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი გამოცემებისგან, მათ შორის რამდენიმე „წლის თამაშის“ ტიტული. ის მიჩნეული არის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 12 მილიონი ასლის ოდენობით. სულ გამოვიდა თამაშის ხუთი გადმოტვირთვადი კონტენტი. მისმა გამოსვლამ გამოიწვია პოლემიკა სხვადასხვა ქვეყნებში. ავსტრალიაში კამათის მიზეზი გახდა მასში მრავლად არსებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლური სასმელები, რომელსაც გამოიყენებს მთავარი გმირი. ინდოეთში თამაში რელიგიური გრძნობების შურაცხყოფად მიიჩნიეს, რადგანაც მასში წვრილ ფეხა რქოსან ცხოველს ჰქვია ბრაჰმანი, ხოლო იაპონიაში მიზეზად დაასახელეს ყუმბარმტყორცნი სახელად Fat Man (ქართ. მსუქანა), რომლის სახელი აშშ-ის მიერ ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბის იდენტურია.
Remove ads
გეიმპლეი
სერიის სხვა თამაშებისგან განსხვავებით, „Fallout 3“-ში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის პერსპექტივით. ასე რომ, თამაში მოთამაშეს აძლევს საშუალებას თავად აირჩიოს, ითამაშოს პირველი პირის, თუ მესამე პირის ხედვით. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში გამოყენებულია სხვადასხვა ელემენტი წინა ნაწილებიდან (მაგალითად როგორიც არის SPECIAL-ის სისტემა), მასში, ასევე დამატებულია უამრავი ახალი მახასიათებელი.
პერსონაჟის შექმნა და ატრიბუტები

პერსონაჟის შექმნა იწყება პროლოგში, სადაც ასევე წარმოდგენილია სახელმძღვანელო ბრძოლის, გარე სამყაროსთან ინტერაქციისა და Pip-Boy 3000-ის გამოყენების შესახებ. პერსონაჟის შექმნა ხორციელდება ეტაპობრივად. თავდაპირველად მოთამაშე ქმნის პერსონაჟის გარეგნობას, ირჩევს რასას და სქესს და არქმევს სახელს სურვილის შესაბამისად. შემდეგ არეგულირებს მის ძირითად ატრიბუტებს S.P.E.C.I.A.L-ის სისტემის მეშვეობით — Strength, (ძალა) Perception (აღქმა), Endurance (გამძლეობა) , Charisma (ქარიზმა), Intelligence (ინტელექტი), Agility (სიმარჯვე), Luck (იღბალი), რომელიც განსაზღვრავს უნარჩვევების საბაზისო დონეს. სანამ პერსონაჟი დატოვებს თავშესაფარ 101-ს და გავა ღია ცის ქვეშ, მოთამაშეს ხელმეორედ ეძლევა შესაძლებლობა შეცვალოს პერსონაჟის გარეგნობა და უნარ-ჩვევები.
თამაშის პროცესში, მოთამაშე იღებს გამოცდილების ქულებს (ინგლ. experience points, XP) სხვადასხვა მოქმედებების მეშვეობით: ქვესტის შესრულებით, მტრის განადგურებით და ა.შ. საჭირო ოდენობის ქულის მიღებით აღწევს ახალს დონეს (ინგლ. level), რაც იძლევა ახალი უნარჩვევების შეძენის, მაგალითად, საკეტების გატეხვის და სამედიცინო ცოდნის ამაღლების საშუალებას. მეორე დონის მიღების შემდეგ გადაეცემა პერკი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა უპირატესობები, როგორებიც არის საგნების მეტი რაოდენობით ტარება, კონტეინერებში მეტი ტყვია წამლის აღმოჩენა და კრიტიკული მორტყმის შესაძლებლობა. ასევე სხვადასხვა ადგილებში მოიძებნება წიგნები, რისი წაკითხვითაც მოთამაშე დამატებით აუმჯობესებს უნარებს.
„Fallout 3“-ში არის მცნება კარმა, რომელიც განსაზღვრავს მთავარი გმირის პიროვნებას. თამაშის დასაწყისში კარმა ნეიტრალურია. მოთამაშეს შეუძლია აკეთოს კეთილი საქმე (მაგალითად, მისცეს წყალი მათხოვარს, ან გაათავისუფლოს ტყვე), რის შედეგადაც, მისი კარმა აიწევს, ან აკეთოს სიბოროტე (მაგალითად მოკლას რამდენიმე დადებითი პერსონაჟი), რითაც ხელს შეუწყობს კარმის დაქვეითებას. კარმა შესამჩნევ გავლენას ახდენს პერსონაჟებს შორის ურთიერთობაზე, თამაშის პროცესსაა და მის დასასრულზე.[5]
თამაშში ასევე ფიგურირებს დანაშაული: მცირე და მძიმე. მცირე მოიცავს საგნების მოპარვას დაწესებულებიდან, საკეტების და ტერმინალების გატეხვას. თუ ამ საგნების მფლობელი შეამჩნევს ამგვარ მას საქციელს, ის წაართმვეს მოპარულ ნივთს და გააფრთხილებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში თავს დაესხმება. ამ დროს, მოთამაშეს აქვს არჩევანის უფლება, დანებდეს, მოაშოროს იარაღი. და თუ პერსონაჟი თავდაპირველად ნეიტრალურია, ის მას აღარ დაესხმება თავს, მაგრამ თუ პროტაგონისტიჩაიდენს მკვლელობას, სხვა პერსონაჟები შეეცდებიან მის მოკვლას.
ჯანმრთელობა, იარაღები და ჩაცმულობა
„Fallout 3“-ში არის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც შეიძლება განაპირობოს სიცოცხლის მაჩვენებლის დაქვეითება. აქ წარმოდგენილია როგორც სიცოცხლის საერთო მაჩვენებელი (HP), ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილების მაჩვენებელიც. HP-ს როგორც სიცოცხლის საერთო მაჩვენებელს, გააჩნია მთავარ და სხვა NPC პერსონაჟებსაც, რომელიც იფიტება, მაშინ როდესაც მიიღება რაიმე სახის დაზიანება, მაგალითად, ბრძლოისას, სიმაღლიდან გადმოვარდნისას ან თვითდაზიანებისას, ხოლო სხეულის სხვადასხვა ნაწილების მაჩვენებელის შემთხვევაში, ეს ხდება, მაშინ როდესაც ის იღებს დაზიანებას ხელის და ფეხის კიდურებში, თავში და ა.შ. როდესაც სხეულის ნაწილების მაჩვენებელი იფიტება, ის იღებს საერთო ტრამვას, რაც იწვევს ნეგატიურ შედეგს (მაგალითად, მხედველობის დაქვეითებას ან გადაადგილების შენელებას). პერსონაჟების სიცოცხლის აღდგენა შეიძლება ძილის, სხვადასხვა სტიმულატორების, საჭმლის და წყლის მიღების, ან ექიმთან მისვლის მეშვეობით.[6]. ჯანმრთელობის კლება, ასევე შეიძლება გამოწვიოს რადიაციულმა მოწამვლამ; როდესაც პერსონაჟი დამოკიდებული ხდება ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე, გადაადგილდება ტერიტორიებში, სადაც არის რადიაციის მაღალი გამოსხივება, იღებს რადიაციულ საკვებსა და სასმელს, ამ შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი დაავადებისა. რადიაციის განსაკურნად აუცილებელია შესაბამისი მედიკამენტების მიღება, რაც მრავლად მოიპოვება უდაბნოში.[7]
ყველა სახის იარაღი და სამოსელი მოიძებნება უდაბნოში, თუმცა დროთა განმავლობაში, იარაღები, ეს იქნება უბრალო რკინის ნაჭერი, თუ ცეცხლასროლი იარაღი, საბოლოოდ ხმარებაში ნაკლებ შედეგს იძლევა. ცეცხლსასროლი იარაღი დაზიანებულ მდგომარეობაში ნაკლებად ეფექტურია მტრის წინააღმდეგ და შესაძლოა გადატენისას გაიჭედოს კიდევაც. ასევე ტანისამოსის შემთხვევაშიც, დიდხნიანი ხმარების შემდეგ ნაკლებად იცავს პერსონაჟს დაზიანებისგან. საგნების სრულად დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა საერთოდ გატყდეს და გამოუსადეგარ ნივთად იქცეს.[8] იარაღმა და სამოსმა ეფექტიანად რომ იმუშავოს, საჭიროა მისი მუდმივი მოვლა და გარემონტება, რომელიც ხორციელდება ორი გზით: პირველი მეთოდი არის ისეთი გამყიდველის მოძიება, რომელიც გაარემონტებს მას, თუმცა საგნის ხარისხიანად გარემონტება დამოკიდებული არის შემკეთებლის ოსტატობაზე და ფასზე. მორე მთოდი არის, ის რომ თავად შეუძლია პერსონაჟს, სპეციალური დანადგარის მეშვეობით გაარემონტოს ის, თუმცა რემონტის ეფექტურობა დამოკიდებულია მის უნარ-ჩვევებზე.
გარდა იმისა, რომ აირაღი მოიპოვება უდაბნოში, მოთამაშეს თავად შეუძლია შექმნას ის სპეციალურ სახელოსნოში, შესაბამისი ნივთების გამოყენებით. ამგვარი აირაღის შესაქმნელად საჭირო არის დაზგა, სქემა და საჭირო მასალები. ამ იარაღებს გააჩნიათ შესამჩნევი უპირატესობა სხვა ამავე სახის იარაღებთან შედარებით. სქემების მოიძებნება განსაზღვრულ ადგილებში, მაღაზიებში. ის ზოგჯერ პერსონაჟს გადაეცემა კუესტის შესრულების შემდეგ. [9]
საბრძოლო სისტემა და V.A.T.S.
თამაშში შესაძლებელია თითქმის ყველა პერსონაჟზე შეტევის განხორციელება (ბავშვების გარდა) რელურ დროში ყველა სახის იარაღის გამოყენებით. არამოთამაშე პერსონაჟებს შეუძლიათ შეუტიონ როგორც მთავარ გმირს, ასევე ერთმანეთსაც.
Vault-Tec-ის ავტომატურად დამიზნების სისტემა (ინგლ. Vault-Tec Auto Targeting System), ან უბრალოდ V.A.T.S., — ახალი ფუნქცია „Fallout“-ის სერიაში, რომელიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს ბრძოლისას. V.A.T.S-ის გამოყენებისას სათამაშო დრო ნელდება და ეკრანი კონცენტრაციას ახდენს სამიზნე პერსონაჟზე. მოთამაშე ირჩევს სამიზნის სხეულის რომელიმე ნაწილს და ამ ფორმით მიაქვს მასზე იერიში. ამ დროს მიზანში მორტყმის ალბათობა V.A.T.S-ის რეჟიმში იცვლება სხვადასხვა ფაქტორებით: სხეულის ნაწილების არჩევისას ეკრანზე გამოისახება პროცენტული ალბათობა მიზანში მორტყმისა. V.A.T.S-ის რეჟიმში მიზანში ზუსტი მორტყმა, ასევე დამოკიდებულია იარაღის ტიპზე და თავად პერსონაჟის უნარებზე.
კრიტიკული მორტყმა, არის შეტევის ტიპი, რის შედეგადაც ობიექტის დაზიანება ორმაგდება. თუ კრიტიკული შეტევის შედეგად პერსონაჟი კვდება, არის ალბათობა იმისა, რომ მან დაკარგოს კიდურები ან თავი. თუ შეტევ ხორციელდება ენერგეტიკული იარაღით, მაშინ მოწინააღმდეგის სხეული შესაძლოა მთლიანად დაიშალოს (მაგალითად იქცეს ფერფლად). კრიტიკული მორტყმა წარმოადგენს შემთხვევითობას, მისი ალბათობა დამოკიდეულია „იღბალის" უნარზე. ამგვარი იერიშის მიტანა ასევე შესაძლებელია, მაშინ, როდესაც მტერი ვერ ხედავს პროტაგონისტს.
თამაშში მოთამაშეს თითქმის ყველა პერსონაჟის მოკვლის საშუალება აქვს, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც სიუჟეტისთვის მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ ასეთი პერსონაჟი მთლიანად დაკარგავს სიცოცხლის ქულებს, ის რამდენიმე წუთით აღმოჩნდება გათიშულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც კვლავ მოეგება გონს.
მოთამაშეს შეუძლია ყველა მოკლულის გაჩხრეკვა. მას წვდომა აქვს თითქმის ყველა გარდაცვლილი ადამიანის ინვენტართან. მუტანტების და რობოტების შემთხვევაში ეს მხოლოდ გარკვეულ საგზენზე ვრცელდება.
დიალოგები და ვაჭრობა
„Fallout 3“-ის ერთ-ერთი მთავარ მახასიათებელია დიალოგები. დიალოგის გამართვა შესაძლებელია როგორც არამოთამაშე პერსონაჟებს, ასევე მთავარ გმირსა და NPC-ის შორის. დიალოგის დაწყებისას, პირველ რეპლკიას წარმოთქვამს NPC. პასუხის გასაცემად მთავარ გმირს ეკრანზე წარმოდგენილი აქვს რამდენიმე ვარიანტი; ერთმა კონკრეტულმა არჩეულმა ვარინტმა შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს თამაშის შემდგომ განვითარებაზე. არსებობს ისეთი რეპლიკები, რომლებიც იხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც პერსონაჟი მიიღებს საჭირო უნარჩვევს ან პერკს. ზოგიერთი რეპლიკა აისახება როგორც ტყუილი, რაც განსაზღვრულ სიტუაციაში გამოიწვევს მთავარი გმირის კარმის მნიშვნელოვნად დაქვეითებას.
მოგზაურობისას მთავარი გმირი გზად ხვდება პერსონაჟებს, რომლებთანაც მართავს ვაჭრობას. მას შეუძლია ვაჭართან მოახდინოს ბარტერი ან გამოიყენოს თამაშში არსებული ერთადერთი ვალუტა ბოთლის სახურავები. საქონლის გაყიდვის და შესყიდვის ფასი ერთმანეთისგან განსხვავდება და დამოკიდებულია მთავარი გმირისა და გამყიდველის ურთიერთობაზე და ასევე "ბარტერის" უნარზე. ზოგიერთი საქონლის გაყიდვა გასაყიდად გამოუსადეგარია, ხოლო კუესტისთვის განკუთვნილი საგნების გაყიდვა საერთოდ შეუძლებელია.
თანამგზავრები
უდაბნოში მოგზაურობისას, მოთამაშეს საშუალება აქვს თან იყოლიოს არამოთამაშე კომპანიონი, რომელიც იცავს და ეხმარება მას ბრძოლაში. ხოლო ზოგ შემთხვევაში მის მითითებებსაც ასრულებს კიდეც. ზოგიერთი თანამგზავრის დასაქირავებლად საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის კარმის ქონა.
ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ორ პერსონაჟთან ერთად მოგზაურობა. ამას გარდა, არსებობენ დროებითი კომპანიონები, რომლებიც ეხმარებიან მთავარ გმირს მხოლოდ კუესტის დასრულებამდე. მაგრამ ისინი, დაქირავებულებთან შედარებით გაცილებით სუსტები არიან, თუმცა მათაც შეუძლიათ სხვადასხვა საგნების, იარაღის და ჯავშანის ტარება.
მუდმივი თანამგზავრი — ეს არის ძაღლი ფსევონიმით დოგმიტი, და კიდევ ერთი, რომელიც შეიძლება იყო გული (ზომბად ქცეული ადამიანი), სუპერმუტანტი ან რობოტი. თუ ძაღლი მოკვდება, (იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ბოროტად გამოიყენებს მას ან დატოვებს მას მარტო სახიფათო სიტუაციაში)[10][11][12] შესაძლებელია მეორე კომპანიონს თან წაყვანა. მეორე კომანიონის სიკვდილის შემთხვევაში, მას საშუალება აქვს დაიქირავოს სხვა.[13]
Remove ads
სიუჟეტი
გარემო
„Fallout 3“-ში მოქმედება ვითარდება 2077 წელს, და შედგება ქალაქ ვაშინგტონის, ჩრდილოეთი ვირჯინიის და მერილენდის ტერიტორიებისგან.[14] ლანდშაფტი მოიცავს აშშ-ის მრავალრიცხოვან დანგრეულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას: თეთრ სახლს, ჯეფერსონის მემორიალს, ლინკოლნის მემორიალს, არლინგტონის ნაციონალური სასაფლაოს და ვაშინგტონის მონუმენტს. ასევე მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებს, (შედგება იმ ადამიანების შთამომავლებისგან, რომლებიც „დიდ ომს“ გადაურჩნენ) მათ შორის ქალაქს, რომელიც გარს ერტყმის მწყობრიდან გამოსულ ატომურ ბომბს, გულებისა და (დაზომბებული ადამიანი) ავიამზიდების დასახლებებს. მიუხედავად იმისა, რომ შესძლებელია თამაშის მთლიან სამყაროში მოგზაურობა, გზები ჩახერგილია ნანგრევებით და სხვა ტერიტორიებზე გადაადგილება ხერხდება მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბების მეშვეობით, რომლებიც დაფუძნებული არის ვაშინგტონის მეტროზე.
რეგიონში დომინირებს ორი წამყვანი ფრაქცია — ანკლავი და ფოლადის საძმო. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელია: ანაკლავი შედგება ომამდელი აშშ-ის ფედერალური მთავრობის ნარჩენებისგან. მათ აქვთ წვდომა ომამდელ მაღალ ტექნოლოგიებთან, როგორებიც არის მოწინავე სიმძლავრის ჯავშანი და პლაზმური შეიარაღება. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს მუტაციის სრული ამოძირკვა უდაბნოდან, რის შედეგადაც ისინი ფიქრობენ, რომ შეძლებენ ომამდელი აშშ-ის აღდგენას. ფოლადის საძმო არის დაჯგუფება, რომელიც იღვწის ომამდელი ცოდნის, ღირებულებებისა და ტექნოლოგიების შეგროვება-შენარჩუნებისთვის. ისინი მიჰყვებიან ამ მიზანს რელიგიური ფანატიზმის გავლენით. მათი წევრების უმეტესი ნაწილი გადარჩენილი ამერიკელი სამხედროების შთამომავალია. ქსენოფობიური შეხედულებების გამო, საძმოს წევრები თვლიან, რომ მხოლოდ ისინი არიან ერთადერთი მემკვიდრეები ომამდელი ტექნოლოგიებისა. არსებობენ სხვა ნაკლებად გავლენიანი ფრაქციები: ყოფილი მონებისაგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელიც იღვწის სხვათა თავისუფლებისთვის, ლინკოლნის მემორიალის აღდგენით, მეორე ჯგუფი, რომელიც ზრუნავს რეგიონის გამწვანებაზე, სადაც მცენაარეები უხვადაა[15] და ასევე სხვადასხვა ბადნიტური დაჯგუფები.
ისტორია
Remove ads
შექმნის ისტორია
Interplay Entertainment
„Fallout 3“-ზე თავდაპირველად მუშაობდა Interplay Entertainment-ის ქვედანაყოფი Black Isle Studios, რომლის კოდური სახელწოდება იყო „Van Buren“. Black Isle Studios-მა წარსულში შეიმუშავა სერიის პირველი ორი ნაწილი, „Fallout“ და „Fallout 2“. მას შემდეგ რაც Interplay Entertainment გაკოტრდა და თამაშზე მუშაობა შეწყდა, „Fallout 3-ის ლიცენზია შეისყიდა Bethesda Softworks-მა (ცნობილი, როგორც „The Elder Scrolls“-ის სერიის დეველოპერი)[16] დაახლოებით 1,175,000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ. თუმცა ბეთესდამ მასზე მუშაობა დაიწყო ნულიდან.[17] 2007 წელს გაუქმებული პროექტის სათამაშო ტექნოლოგიური დემო ვერსია ხელმისაწვდომი გახდა პუბლიკისთვის.[18]
როდესაც ორიგინალი „Fallout“-ის სამხატვრო დირექტორს, ლეონარდ ბოიარსკის ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა თამაშის გაყიდვასთნ დაკავშირებით, მან ასე უპასუხა: „სიმართლე გითხრათ, იედგაცრულებული ვიყავი, იმით, რომ აღარ გვექნბოდა „Fallout“-ის მომდევნო ნაწილის შექმნის საშუალება. ვფიქრობდით, რომ „Fallout“ სულ ჩვენი იქნებოდა. ისე ჩანდა, თითქოს ჩვენი საკუთარი შვილი გაიყიდა ყველაზე მაღალ ფასად და ისღა დაგვრჩენოდა ვმჯდარიყავით და თვალყური გვედევნებია. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი მათ რა გეგმები აქვთ, ვფიქრობ, რომ ისინი მიდიან სწორი მიმართულებით, ან შესაძლოა არასწორი მიმართულებითაც კი.[19]
Bethesda Softworks

Bethesda Softworks პროექტზე მუშაობას შეუდგა 2004 წლის 3 ივლისს.[20] თუმცა პრინციპული სამუშაოები არ დაწყებულა, მანამდე, სანამ არ გამოვიდა „The Elder Scrolls IV: Oblivion“ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პლაგინები და დამატებები.[21] კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა წინამორბედების მსგავსი თამაში და აქცენტი გაეკეთებინა არასწორხაზოვან გეიმპლეისა და სიუჟეტზე და ტრადიციულ შავი იუმორზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ თამაში მიიღებდა M (დიდებისთვის) რეიტინგს Entertainment Software Rating Board-ისგან, მასში არსებული ძალადობის სცენებიდან და სხვადასხვა თემებიდან გამომდინარე. „Fallout 3“ იყენებს Gamebryo ძრავის იმავე ვერსიას, რასაც „Oblivion“[22] და შემუშავებულია სტუდია Bethesda Game Studios-ის მიერ.[23] ლიამ ნისონმა გაახმოვანა მთავარი გმირის მამა, ჯეიმზი.[24]
2007 წლის თებერვალის Bethesda-ს განაცხადებით, თამაშს გამოსვლამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლდა, მაგრამ, დეტალური ინფორმაცია და პრევიუები ხელმისაწვდომი გახდებოდა იმავე წლის ბოლოს.[23] მოგვიანებით, ჟურნალმა „Game Informer“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამაში იქნებოდა მრავალპლატფორმული[25] და იგიგმებოდა გამოშვება Windows-ზე, Xbox 360-სა და PlayStation 3-ზე.[4] რეჟისორ ტოდ ჰაუარდზე დაყრდნობით, თავდაპირველად თამაშში იგეგმებოდა მთლიანი ვაშინგტონის განთავსება, თუმცა კონსტრუირებული იქნა მხოლოდ ქალაქის ნახევარი. მიზეზად დროის უქონლობა და სხვადასხვა სირთულეების არსებობა დასახელდა.[26]
2008 წლის 21 მარტს „Official Xbox Magazine“-თან ინტერვიუში ჰაუარდმა თქვა, რომ „Fallout“ ვითარდებოდა იმავე მასშტაბით, როგორითაც Oblivion.[27] 2008 წელს Bethesda Softworks-მა თამაში წარადგინა E3 2008-ზე, სადაც ნაჩვენები იქნა პირველი სადემონსტრაციო ვერსია ტოდ ჰოვარდის მიერ. მასში წარმოდგენილი იყო ქალაქი ვაშინგტონი, სხვადასხვა სახის იარაღები, V.A.T.S-ის სისტემა და Pip-Boy 3000-ის მახასიათებლები, ასევე როგორც მტერთან ბრძოლის სცენები. დემონსტრაცია დამთავრდა იმით, რომ მოთამაშე უახლოვდება ფოლადის საძმოს მიერ კონტროლირებად პენტაგონს, რომელსაც უტევს ანკლავის პატრული.[28]
სცენარი დაწერა Looking Glass Studios-ის ყოფილმა თანამშრომელმა ემილ პალიარულომ. ის ასევე მონაწილეობას იღებდა „The Elder Scrolls IV: Oblivion“-ის შემუშავებაში. მანვე დაწერა „Fallout 3“-ის ინციპიტი (შთაგონებული ოროგინალი „Fallout“-ისგან), რომელსაც წარმოთქვამს მსახიობი რონ პერლმანი.[29]
შთაგონების წყაროდ, პალიარულო ყოველთვის პირველ „Fallout“-ს ასახელებდა. მისი თქმით, თამაში ფლობდა განსაკუთრებულ სინთეზს დიალოგებში, „Fallout 2“-გან განსხვავებით, თუმცა ამ უკანასკნელს გააჩნდა უფრო კომპლექსური და არტიკულირებული სცენარი, დაწერილი კრის აველონის მიერ, რომელსაც პალიარულო უმაღლეს შეფასებას აძლევდა.[29]
მუსიკა და თანმხლები აუდიო
თამაშის საუნდტრეკი დაწერა განთქმულმა კომპოზიტრომა, ინონ ცურიმ, რომელიც საკუთარ თავს არ მიიჩნევს საუნდტრეკის ერთადერთ ავტორად. მისი თქმით, მას დიდი დახმარება გაუწიეს დიზაინერმა, ტოდ ჰაუვარდმა და ხმის დიზაინერმა, მარკ ლამბერტმა და თვლის, რომ მისი წვლილი შეადგენს მხოლოდ 50%-ს..[30] ცურის განცხადებით, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, საუნდტრეკი შეიქმნა მუსიკალური საკრავის, სემპლერის გამოყენებით.[31]
პერსონაჟები გაახმოვანა ჰოლივუდის ბევრმა განთქმულმა მსახიობმა, მათ შორის, ლიამ ნისონმა (ჯეიმზი)[24], რონ პერლმანმა (მთხრობელი), მალკოლმ მაკდაუელმა (პრეზიდენტი ჯონ ჰენრი იდენი), კრეიგ სეკლერმა (ბუტჩ დელორია), ერიკ ტოდ დელუმსმა (თრი ოგ ნაიტი) და ოდეტე იუსტმანმა (ამატა ალმოდოვარი). ასევე მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა გამხმოვანებლებმა, ესენია: დი ბრედლი ბეიკერი, ვეს ჯონსონი, პოლ ეიდინგი და სტივენ რასელი. „Fallout 3“ ინარჩუნებს სერიის ტრადიციებს, სადაც ფიგურირებს ამერიკის 1940-იანი წლების სენტიმენტალური მუსიკალური კომპოზიციები, შესრულებული The Ink Spots-ის, The Andrews Sisters-ის,[32] როი ბრაუნის, ბილი მუნის, კოულ პორტერისა და, ბობ კროსბის მიერ.[33]
Remove ads
მარკეტინგი და გამოსვლა
ტრეილერი

2007 წლის 2 მაისს ინტერნეტში გამოჩნდა თამაშის საიტი, სადაც განთავსებული იყო სურათები და მუსიკა თამაშიდან. მოგვიანებით ამავე საიტზე ხელმისაწვდომი გახდა პირველი ტიზერ ტრეილერი და ასევე, გამოსვლის თარიღად 2008 წლის ბოლო დასახელდა. [34]
2007 წლის 5 ივნისს Bethesda-მ გამოსცა ტრეილერი,[35] სადაც მინიშნებული იყო, რომ რონ პერლმანი მიიღებდა პროექტში მონაწილობას. მას თან ახლდა The Ink Spots-ის სიმღერა „I Don't Want to Set the World on Fire, რომლის გამოყენებსაც თავდაპირველად Black Isle პირველ „Fallout“-ში გეგმავდა. აღნიშნული ტრეილერი დამთავრდა რონ პერლმანის ცნობილი ფრაზით: „ომი, ომი არასდროს იცვლება“ (ეს ფრაზა ასევე ფიგურირებს ორიგინალ „Fallout“-ში). ტრეილერში, ასევე აჩვენეს გაუდაბურებული ვაშინგტონი, რასაც ადასტურებს დაზიანებული ვაშინგტონის მონუმენტი და მის გარშემო არსებული დანგრეული შენობები.[36]
მეორე ტრეილერი წარადგინეს E3 2008-ზე, 2008 წლის 12 ივლისს. ის ნაჩვენები იყო დაშორებული ხედვით და მოიცავდა მიტოვებულ სახლს, გარეუბნებს, კაპიტოლიუმს და ვაშინგტონის მონუმენტს..[37] 2008 წლის 14 ივლისს, გამოვიდა ტრეილერის გაფართოებული ვერსია, რაც ორიგინალი კონტენტის გარდა, მოიცავდა Vault-Tec -ის რეკლამას და ძირითად გეიმპლეის და თან ახლდა Bob Crosby and the Bobcats-ის სიმღერა, „Dear Hearts and Gentle People“.[38]
კინოფესტივალი
2008 წლის 11 ივლისს, „Fallout 3“-ის სარეკლმაო კამპანიის ფარგლებში, Bethesda Softworks-მა და American Cinematheque-სა და Geek Monthly-თან ერთად დააფინანსა “პოსტაპოკლიპტური ფილმების კნოფესტივალი“, რომელიც ჩატარდა 22 და 23 აგვისტოს, Santa Monica's Aero-ის თეატრში, სადაც წარადგინეს „Fallout 3“-იც. ფესტივალზე, ასევე აჩვენეს ექვსი ფილმი, დაფუძნებული პოსტაპოკალიპტურ თემატიკაზე: „ჯადოქრები“, „დაწყევლილი ველი“, „ბიჭი და მისი ძაღლი“, უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“, „ადამიანი ომეგა“ და 12 მაიმუნი“..[39]
Remove ads
საცალო ვერსიები
„Fallout 3“ გამოვიდა ხუთი განსხვავებული ფორმით, რომელთაგანაც მხოლოდ სამი არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი:
- სტანდარტული გამოცემა მოიცავს თამაშის დისკს და სახელმძღვანელოს.
- საკოლექციო გამოცემა მოიცავს თამაშის დისკს, სახელმძღვანელოს, DVD ბონუს დისკს, არტბუკს და ვოლტ-ბოის ფიგურებს კოლოფში შეფუთულს.[40]
- შეზღუდული გამოცემა მოიცავს თამაშის დისკს , სახელმძღვანელოს, ფოლადის საძმოს ფიგურას ჯავშანტექნიკით. გამოცემა ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ბრიტანეთში.
- გადარჩენის გამოცემა მოიცავს თამაშის დისკს, სახელმძღვანელოს და ბონუს დისკს DVD-ის, არტბუკს და, ვოლტ-ბოის ფიგურებს კოლოფში შეფუთულს, ასევე როგორც PIP-Boy 3000-ის საათს.[40] გადარჩენის გამოცემა ხელმისაწვდომია მხოლოდ Amazon-ზე აშშ-ში.[41]
- წლის თამაშის გამოცემა მოიცავს „Fallout 3“-ის დისკს, ხუთივე გადმოტვირთვად კონტენტს, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 13 ოქტომბერს ჩრდილლოეთ ამერიკაში და ევროპაში 2009 წლის 16 ოქტომბერს. ავსტრალიაში გამოვიდა 2009 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო იაპონიაში 2009 წლის 3 დეკემბერს.[42] ის ხელმისაწვდომი იყო Steam-ზე 2009 წლის 17 დეკემბერს.[43]
„Fallout 3-ის და „Oblivion“-ის Xbox 360-ის ვერსიის ორმაგი პაკეტი დაანონსდა 3 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში.[44]
Remove ads
გადმოტვირთვადი კონტენტი
E 3 2008-ზე ტოდ ჰაუარდმა დაადასტურა, რომ მალე ხელმისაწვდომი გახდებოდა „ Fallout 3“-ის გადმოტვირთვადი კონტენტი Xbox 360-ის და Windows-ის ვერსიისთვის.[45][46][47] ჯამში გამოვიდა ხუთი გადმოტვირთვადი კონტენტი თამაშისთვის: „Operation: Anchorage“, „The Pitt“, „Broken Steell“, „Point Lookout“ და „Mothership Zeta“. ამ ხუთიდან ყველაზე დიდი გავლენა თამაშზე აქვს „Broken Steel“-ს, რომელიც ძირითადი სიუჟეტური ხაზის დამთავრების შემდეგ იძლევა თამაშის გაგრძელების საშუალებას და, ასევე გააჩნია ალტერნატიული დასასრული.[48]
თავდაპირველად PlayStation 3-ისთვის კონტენტის გამოშვების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია არ გაჟღერებულა.[45] მიუხედავად იმისა, რომ ბეთესდა ამის შესახებ დუმდა, Lazard Capital Markets-ის ანალიტიკოსმა, კოლინ სებასტიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამის მიზეზი იყო ბეთესდას ფინანსური გარიგება Sony-ის კონკურენტ Microsoft-თან.[46] თუმცა 2009 წლის მაისში კომპანიამ დაანონსა, რომ არსებული DLC პაკეტები („Operation: Anchorage“, „The Pitt“ და „“Broken Steel“) გამოვიდოდა PlayStation 3-ზეც. მოგვიანებით, შემდეგი ორი („Point Lookout“ და „Mothership Zeta“) გამოსცეს ყველა პლატფორმაზე.[49]
2009 წლის 1 ოქტომბერს Xbox 360-ისთვის გამოვიდა თამაშის New Xbox Experience-ის პრემიუმ თემა. PlayStation 3-მა მიიღო სამი უფასო თემა, რომელსაც ფონად აქვს ფოლადის საძმოს რაინდის გამოსახულება და, ასევე მოიცავს სიმბოლოებს თამაშიდან, რომლებიც PS3-ის მთავარ მენიუში ყენდება ხატულებად.[50][51][52] 2008 წელს ოფიციალური რედაქტორი G.E.C.K (Garden of Eden Creation Kit), Windows-ის ვერსიისთვის ხელმისაწვდომი შეიქმნა უფასოდ “Fallout 3“-ის საიტიდან.[53][54]
Remove ads
მიმოხილვა
კრიტიკოსების შეფასება
„Fallout 3“-მა ჰპოვა უნივერსალური აღიარება კრიტიკოსებში. საერთო მიმოხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს: X360 — 92,79 %, PC — 90,77 %, PS3 — 90,06 % და X360 — 93/100, PC — 91/100, PS3 — 90/100. 1UP.com-ის მიმოხილველმა დემიან ლინმა შეაქო თამაშის უკიდეგანო გეიმპლეი და პერსონაჟების განვითარების მოქნილი მექანიზმი. მან V.A.T.S.-ი დაახასიათა, როგორც სახალისო, თუმცა უარყოფითად მოიხსენია ხელჩართული ბრძოლის სისტემა; მისი სიტყვებით, ის განიცდის სიზუსტის ნაკლებობას პროცესში და, ასევე თამაშში არ არის საკმარისი რაოდენობის მტერი. საბოლოოდ დასძინა, რომ „Fallout 3“ მეტად ამბიციური პროექტია, რომლის მსგავსიც იშვიათად იქმნება“.[58] IGN-ის რედაქტორმა ერიკ ბრუვიგმა დადებითად შეაფასა „უჩვეულო“ დიზაინი და ღრმა ატმოსფერო.[69] მაიკ ფაიმ Kotaku-დან განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ინონ ცურის მუსიკა სავსეა ეპიკური დიდსულოვნებით, თამაშის სიმდიდრე, სწორედ, მასში არსებული 1940-იანი წლების მუსიკაა“. [79]
„Fallout“-ის და „Fallout 2“-ის რეჟისორმა, ტიმ კაენმა შეაქო მხატვრული დადგმა და დეტალურობა, მაგრამ მისი აზრით, თამაშის დასრულებები არ იყო საკმარისად კონსტრუქტირებული პერსონაჟების მოქმედებების და გადაწყვეტილებების გარშემო.[80] მან გააკრიტიკა, ის, თუ როგორ გადაამუშავა თამაშმა პირველი და მეორე ნაწილების სიუჟეტური ელემენტები, როგორებიცაა სუპერ მუტანტები და ანკლავი და დასძინა: „ჩემ კომპანიას, Troika Games-ს, რომ მოპევებინა ლიცენზია თამაშზე, მე მოვიფიქრებდა სრულიად განსხვავებულ ისტორიას აღმოსავლეთი სანაპიროსთვის“. „Fallout 2“-ის მთავარმა სცენარისტმა, კრის აველონმა შეაქო „Fallout“-ის მიმზიდველი სამყარო და წინა ნაწილების წარმატებული მემკვიდრე უწოდა. თუმცა გააკრიტიკა გეიმპლეის ზოგიერთი ელემენტები.[81] უილ ტატლიმ GameSpy-დან მაღალი შეფასება მისცა თამაშის საინტერესო სიუჟეტს და დიდ ხნიან მიმზიდველ გეიმპლეის.[82] მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალმა Edge მის მიმოხილვაში პროექტს 10-დან 7 ქულა დაუწერა, მოგვიანებით, ერთ-ერთ საიუბილეო გამოცემაში Fallout-ს სიაში „100 საუკეთესო თამაში დღეს“ 37-ე ადგილი მიუჩინა და აღნიშნა: „Fallout 3 აფართოებს შესაძლებლბებს, ეს არის ძალიან კარგი თამაში დროის გასატარებლად და მხოლოდ რამდენიმემ თუ მიაღწია ამ მწვერვალს“.[83]
კრიტიკამ მოიცვა ბაგებიც, რომელიც შეეხო ფიზიკას და ტექნიკურ პრობლემებს; ზოგიერთი მათგანი ტეხავდა კუესტებს, რაც ხელს უშლიდა პროგრესს თამაშში.[69] ასევე კრიტიკის საგნად იქცა ხელოვნური ინტელექტი, პერსონაჟებისს მკვეთრი ანიმაცია,[84][85][86] და თამაშის ფინალები.[84][87] „Edge“-ის განაცხადებით, თამაშის დიზაინი მოიკოჭლებს და დეტალურობის ნაკლებობას განიცდის, ასევე სცენარი რომელიც იდეას საფუძვლად უდევს, არ არის მკაფიოდ თანმიმდევრული და პერსონაჟების გახმოვანებაც არადამაჯერებელია.[60]
გაყიდვები
გამოსვლიდან სამ თვეში გაიყიდა თამაშის 4.7 მილიონი ეგზემპლარი.[88] კომპანია NPD Group-ზე დაყრდნობით, 2009 წლის მონაცემით Xbox 360-ის ვერსია გაიყიდა 1.14 მილიონი ასლის ოდენობით, PlayStation 3-ის ვერსია — 552,000.[89] Xbox 360-ის ვერსია აშშ-ში იყო 14-ე ყველაზე გაყივადი თამაში 2008 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც PlayStation 3-ის ვერსია იქცა თვის 8-ე ყველაზე გაყიდვად თამაშად ამავე რეგიონში.[90]
„Fallout 3“ იყო ყველაზე მოთხოვნადი Xbox Live-ზე 2008 წელს, ხოლო Games for Windows – Live-ზე — 2009, 2011, და 2012 წლებში.[91][92][93] 2015 წლის ივნისში „Fallout 4“-ის Electronic Entertainment Expo-ზე (E3) დაანონსების შემდეგ „Fallout 3“-ის გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა.[94] კომპანია Electronic Entertainment Design and Research-ზე დაყრდნობით, 2015 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით თამაშის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 12.4 მილიონ ასლს.[95]
ჯილდოები
„Fallout 3“-მა E3 2007-ის ცერემონიის დასრულების შემდეგ მიიღო რამდენიმე ჯილდო. IGN-მა გადასცა „E3 2007-ის წლის თამაშის“ ჯილდო,[96][97] ხოლო GameSpot-მა E3 2007-ის საუკეთესო როლურ თამაშად დაასახელა. E3 2008-ის დასრულების შემდეგ IGN-ისგან გადაეცა რამდენიმე ჯილდო: „საუკეთესო RPG“, „საუკეთესო კონსოლის თამაში“ და „შოუს საუკეთესო თამაში“.[98] Game Critics Awards-მა ამავე ცერემონიაზე დაასახელა „შოუს საუკეთესო თამაშად“ და “საუკეთესო როლურ თამაშად“.[99]
მას შემდეგ რაც პროექტმა მზის შუქი იხილა, მიიღო უამრავი ჯილდო ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ჟურნალებისა და საიტებისგან. 2009-წლის Game Developers Choice Awards-ზე დასახელდა „წლის თამაშად“ და გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო სცენარი“.[73] წლის თამაშის ტიტული, ასევე მოიპოვა IGN,[75] GamesRadar,[100] GameSpy, UGO Networks,[101] Gamasutra-სა[102] და Golden Joystick Awards-გან.[78] ჟურნალმა Official Xbox Magazine-მა,[77]GameSpy-მ[103] და IGN-მა დაასახელა „Xbox 360-ის წლის თამაშად“,[76] მაშინ, როდესაც GameSpot-მა, GamePro-მ,[104] GameSpy-მ[105] და GameTrailers-მა გადასცა „წლის PC თამაშის“ ჯილდო.[106] GameSpot-მა მოგვიანებით „საუკეთესო RPG“-ის ტიტული მიანიჭა.[77][107]
„Fallout 3“ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშად; 2009 წლის დასასრულს, გამოცემამ IGN „ათწლეულის საუკეთესო თამაშად“ აღიარა,[108] ასევე „2008 წლის საუკეთესო თამაშად“ და სიაში „100 ყველა დროის საუკეთესო RPG“, 10-ე ადგილზე დააყენა.[109] ამავე წელს G4tv-მა სიაში „100 ყველა დროის საუკეთესო თამაში“, პროექტს 75-ე ადგილი მიუჩინა.[110]
2012 წელს თამაში წარმოგენილი იქნა ამერიკის სმითსონის ხელოვნების მუზეუმში.[111] 2015 წლის ნოემბერში ხელიმისაწვდომი შეიქმნა Xbox One-ის პლატფორმაზე Xbox Live-ის მეშვეობით.[112]
ტექნიკური პრობლემები PlayStation 3-ზე
გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, IGN-მა გამოაქვეყნა თამაშის მიმოხილვა, სადაც ნახსენები იყო PlayStation 3-ის ვერიის დიდი რაოდენობით ბაგებისა და პრობლემების შესახებ.[113] მას შემდეგ, რაც ამ თემამ უკმაყოფილება გამოიწვია PlayStation-ის ინტერნეტ საზოგადოების გარშემო,[113][114] შემქმნელებმა PS3-ის ვერიის შეცდომები გამოასწორეს, რის შედაგადაც, IGN-ის მიმოხილვა დარედაქტირებული იქნა. PlayStation 3-ის წლის თამაშის გამოცემის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრობლემების უმრავლესობა არ გადაჭრილა..[115][116]
დავა და ფანდომი
მას შემდეგ რაც Bethesda Softworks-მა შეიძინა უფლებები თამაშზე, ყველა თაყვანისმცემელი არ იყო კმაყოფილი „Fallout“ სერიის განვითარებით. „Fallout“-ის და „Fallout 2“-ის გულშემატკივრებმა თავი მოიყარეს „Fallout“ სერიის ერთ-ერთი ძველი ფანსაიტის, „No Mutants Allowed“-ის გარშემო, სადაც აკრიტიკებდნენ მომავალი პროექტის სიუჟეტს, გეიმპლეის, სათამაშო გარემოს,[117] სცენარს და ასევე პირველი პირის ხედვის ფორმატს..[117][118][119] ამის საპასუხოდ, ჯიმ სტერლინგმა საიტ Destructoid-დან, „No Mutants Allowed“-ის მსგავსი ჯგუფები დაახასიათა „ეგოისტებად“ და „ამპარტავნებად“ და დასძინა, რომ ახალი აუდიენცია იმსახურებს „Fallout“-ის თამაშს; და იმ შემთხვევაში თუ სერია გააგრძელებს ძველი მიმართულებით სვლას, ახალი პროექტები აღარ შეიქმნება და არ გაიყიდება ბაზარზე.[120]
Remove ads
რეგიონალური ვარიაციები
გამოხმაურება ნარკოტიკებზე
2008 წლის 4 ივლისს, ავსტრალიაში ორგანიზაცია Australian Classification Board-მა (ACB) უარი განაცხადა „Fallout 3“-ის კლასიფიკაციაზე, რითაც არალეგალური გახდა მისი დისტრიბუცია ან შეძენა აღნიშნულ რეგიონში. იმისათვის, რომ ACB-ის გაეკეთებინა თამაშის კლასიფიკაცია, Bethesda Softworks-ს ავსტრალიური ვერსიიდან უნდა ამოეღო ეს შეურაცხმყოფელი კონტენტი.[121][122] ACB-ის მოხსენების თანახმად, კლასიფიკაციაზე უარის თქმა განპირობებული იყო თამაშში მრავლად არსებული ნარკოტიკული საშულებებით, რომელსაც მოიხმარს მთავარი გმირი.[123]
2008 წლის 7 აგვისტოს თამაშის განახლებულ ვერსიას ACB-ის მიერ მიენიჭა რეიტინგი MA 15 +[121][124] და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს მისი გაყიდვა ქვეყანაში. მოგვიანებით, ACB-ის მოხსენებით, აღნიშნული კონტენტი სრულად არ ამოღებულა თამაშიდან, თუმცა მოშორებული იქნა ანიმაციები, რაც წარმოაჩენდა ნარკოტიკის ფაქტობრივ გამოყენებას.[125]
ჟურნალ „Edge“-თან ინტრვიუში Bethesda Softworks-მა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოში გამოვიდოდა „Fallout 3“-ის მხოლოდ ერთი ვერსია, სადაც რეალურ ცხოვრებაში არსებული ნარკოტიკების დასახელებები ამოღებული იქნებოდა.[126] მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ერთადერთი ცვლილება იყო პრეპარატ მორფინს სახელწოდების შეცვლა „Med-X“-ით.[127]
გამოშვება ინდოეთში
2008 წლის 22 ოქტომბერს Microsoft -მა გააკეთა განცხადება, რომ რელიგიური და სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე, თამაში ინდოეთში არ გამოვიდოდა Xbox 360-ის პლატფორმაზე.[128] Microsoft-მა დასძინა: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვცეთ საუკეთესო თამაშები ინდოეთში მსოფლიო პრემიერის პარალელურად“. მაგრამ, რელიგიური და კულტურული ღირებულებების გამო, ინდოეთში აიკრძალა მისი გამოცემა.[129] მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი ამასთან დაკავშირებით არ გაჟღერებულა, გავრცელებულ ხმებზე დაყრდნობით, მიზეზი იყო თამაშში არსებული ორთავიანი მუტირებული ძროხა, რომელსაც ეწოდება ბრაჰმანი, რომელიც ერთი მხრივ, მოგვაგონებს ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების - ვარნის წარმომადგენელ ქურუმთა კასტის სახელწოდებას, ხოლო მეორე მხრივ - ინდოეთში წარმოშობილ ძროხას, რომელსაც ეთაყვანებიან ინდუისტები.[130]
მგრძნობელობა იაპონიაში
ბეთესდამ, მეორეხარისხოვანი ქვესტი, სახელად „The Power of the Atom“ (ქართ. „ატომის ძალა“) შეცვალა იაპონური ვერსიისთვის, რათა იაპონიის საზოგადოებაში არ გამოეწვია შეშფოთება მასში არსებულ ატომურ ბომბთან დაკავშირებით, რაც განპირობებული იყო ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ბომბით, ვინაიდან ეს დღემდე რჩება მტკივნეულ თემად მათში. საერთაშორისო ვერსიაში მოთამაშეს აქვს არჩევანი გაანეიტრალოს ან ააფეთქოს მწყობრიდან გამოსული ბომბი ქალაქ მეგატონში.[131] იაპონურ ვერსიაში ამოღებულია პერსონაჟი მისტერ ბერკი, (რომელიც სთავაზობს პროტგონისტს ამ დავალებას), ბომბის აფეთქების შესაძლებლობა და მისტერ ტენპენის სიტყვა მეგატონის აფეთქებაზე.
ამას გარდა, ამ ვერსიაში, ტყვიამფრქვევის სახელწოდება „Fat Man“ (ქართ. „მსუქანა“) ჩანაცვლებული იქნა „Nuke Launcher“, იმიტომ, რომ ამავე კოდურ სახელწოდებას ატარებდა 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბი.[131][132] ტეცუ ტაკასიზე დაყრდნობით, (რომელიც პასუხისმგებელი იყო თამაშის იაპონიაში ლოკალიზაციაზე) Computer Entertainment Rating Organization-ის (CERO) მიერ გადაწყვეტილი იყო თამაშის აკრძალვა ამ რეგიონში, თუმცა ლოკალიზაციის შემდეგ მიიღო რეიტინგი „დიდებისთვის“.[133]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
