დანიელ პასარელა
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
დანიელ ალბერტო პასარელა (ესპ. Daniel Alberto Passarella; დ. 25 მაისი, 1953, ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იგი ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს.[1][2]
1978 წლის მუნდიალზე არგენტინის ეროვნულმა გუნდმა მისი კაპიტნობით პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად. საფეხბურთო კარიერის მანძილზე, საკლუბო და სანაკრებო მატჩებში გატანილი აქვს 175 გოლი, რითაც ფეხბურთის ისტორიაში მცველებს შორის მეორე ადგილს იკავებს რონალდ კუმანის შემდეგ.[3] არაერთხელ შედიოდა მსოფლიოს სხვადასხვა სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.
პასარელა, როგორც გუნდის კაპიტანი დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე, ხშირად ერთვებოდა შეტევებში და თავისი ორგანიზატორული თვისებებით დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას. მისთვის დამახასიათებელი ემოციური, თავდადებული და შთამაგონებელი თამაშის გამო გულშემატკივრებმა მას „დიდი კაპიტანი“ (ესპ. El Gran Capitán), ხოლო ელეგანტური და არისტოკრატული თამაშის სტილის გამო ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად „ელ კაიზერი“ (ესპ. El Kaiser) შეარქვეს.
Remove ads
კარიერა
საკლუბო კარიერა
პასარელა საკლუბო კარიერას 1971 წელს არგენტინულ საფეხბურთო კლუბ ხუნინის „სარმიენტოში“ იწყებს, სადაც 1973 წლის ჩათვლით გამოდის. მის შემადგენლობაში ჩემპიონატის 36 შეხვედრას ატარებს და ცხრა ბურთი გააქვს.
1974–1982 წლებში ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონატის 226 მატჩს თამაშობს და 90 გოლის გატანას ახერხებს. „რივერ პლეიტთან“ ერთად არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში ოთხჯერ მეტროპოლიტანოს — 1975,[4] 1977,[5] 1979,[6] 1980,[7] ხოლო სამჯერ ნასიონალის — 1975,[8] 1979,[9] 1981[10] გამარჯვებული ხდება. 1976 წელს აღიარეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად.[11]
1982–1986 წლებში იტალიის „ფიორენტინაში“ გამოდის, სადაც 109 შეხვედრაში და 26 ბურთი გაქვს.
მილანის „ინტერის“ მაისურით პასარელა ორი საფეხბურთო სეზონის (1986–1988) განმავლობაში გამოდის.
1986–87 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონატის 30 შეხვედრიდან 23 მატჩში იღებს მონაწილეობას და სამი გოლი გააქვს. მიმდინარე ჩემპიონატში „ინტერი“ 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება გათამაშების გამარჯვებულს — „ნაპოლის“, რომელიც მარადონას წყალობით კლუბის ისტორიაში თავის პირველ სკუდეტოს იგებს.
შედეგიანობის მხრივ უფრო იღბლიანი და ერთგვარად დრამატულიც გამოდგა მისი გამოსვლა იტალიის თასის გათამაშებაში, სადაც მხოლოდ 8 შეხვედრაში — ოთხჯერ მეტოქეთა კარის, ხოლო ერთხელ — საკუთარი კარის აღებასაც ახერხებს.[კომ. 1]
იმავე სეზონში „ინტერის“ რიგებში უეფას თასის გათამაშების ტურნირზეც ასპარეზობს, სადაც შვიდ შეხვედრაში იცავს კლუბის ღირსებას და ერთი გოლი გააქვს. 1987–88 წლის სეზონში გასულ სეზონთან შედარებით სერია A-ს გათამაშებაში ორი მატჩით ნაკლებს ატარებს და სულ 21-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე, თუმცა ამჯერად წინასგან განსხვავებით ორჯერ მეტი — ექვსი გოლი გააქვს მეტოქეთა კარში. ამას გარდა იტალიის თასის გათამაშებაში, წინა სეზონის მსგავსად, ახლაც 8 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, თუმცა მეტოქეთა კარის აღებას ამჯერად მხოლოდ ერთხელ ახერხებს. ამ სეზონში „ინტერის“ რიგებში კვლავ ასპარეზობს უეფას თასის გათამაშებაში, სადაც ექვს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. საერთო ჯამში მილანის „ინტერის“ ღირსებას იტალიის სერია A-ს 44 შეხვედრაში იცავს და ცხრა ბურთი გააქვს.
თავის უკანასკნელ საფეხბურთო სეზონს (1988–1989) პასარელა კვლავ სამშობლოში — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ ატარებს (32 მატჩი და ცხრა გოლი).
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა არგენტინის, იტალიის, მექსიკის და ბრაზილიის საფეხბურთო კლუბებში. 1994–1998 წლებში სათავეში ედგა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო 1998–2001 წლებში ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1997 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად. 2009 წლის დეკემბრიდან ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და ტიტულოვანი არგენტინული კლუბის — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
სანაკრებო კარიერა
1976–1986 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 70 შეხვედრა ჩაატარა,[12][13][14][15] რომლის მაისურით პირველად 1976 წლის 20 მარტს,[16] სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო ორლანდო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, ოსვალდო არდილესი, რიკარდო ბოჩინი, მარსელო ტრობიანი, მარიო კემპესი, ლეოპოლდო ლუკე და ამერიკო გალიეგო. მატჩი კიევში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1986 წლის 4 მაისს, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ნერი პუმპიდო, ოსკარ გარე, ხულიო ოლარტიკოეჩეა, ოსკარ რუჯერი, სერხიო ბატისტა, კლაუდიო ბორგი, ხორხე ბურუჩაგა, რიკარდო ჯუსტი, დიეგო მარადონა, სერხიო ომარ ალმირონი და დანიელ პასარელა. მატჩი თელ-ავივში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 7–2 დასრულდა.[17]
სანაკრებო მატჩები
Remove ads
სტატისტიკა
საკლუბო
სანაკრებო
Remove ads
მსოფლიო ჩემპიონატებზე
პასარელამ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.[101][102][103]
გალერეა
- დიეგოსა და ბერტონისთან, 1982.
- შვილთან ერთად, 1979.
- დიეგო მარადონა და დანიელ პასარელა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 1986.
- მარადონა და პასარელა „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩის წინ, 1985.
- ენსო ტროსეროსთან ერთად, 1982.
- მარადონა და პასარელა, 1985.
- დიეგოსა და ლალო მარადონასთან ერთად, 15 აპრილი, 1979.
- პასარელა „რივერის“ მაისურით, 1981.
მიღწევები
საკლუბო
- მეტროპოლიტანო: 1975, 1977, 1979, 1980
- ნასიონალი: 1975, 1979, 1981
სანაკრებო
ინდივიდუალური
- არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1976[106]
- სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1997
- XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999[107]
- მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1978[108]
- არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015[109]
- ფიფა-ს ასეული (FIFA 100): 2004[110][111][112][113][114]
სამწვრთნელო
- პრიმერა დივიზიონი: 1989–90
- აპერტურა: 1991, 1993
- კლაუსურა: 1993
Remove ads
ბიბლიოგრაფია
- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1981). ოქროს ქალღმერთიდან ფიფა-ს თასამდე. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld. ISBN 0552-15918-2
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
Remove ads
კომენტარები
- იტალიის თასის გათამაშების პირველი წრის ამ ღირსახსოვარ შეხვედრას „ინტერი“ 1986 წლის 24 აგვისტოს, სტუმრად, სალერნოს პროვინციის ქალაქ კავა-დე-ტირენის სიმონეტა ლამბერტის სახელობის სტადიონზე ატარებს, სადაც ადგილობრივ „კავეზეს“ უპირისპირდება. პირველი ბურთი მასპინძელთა კარში შეხვედრის მე-20 წუთზე, „ინტერის“ მცველს — რიკარდო ფერის გააქვს. ამის შემდეგ, ანგარიში არ იცვლება მომდევნო 51 წუთის განმავლობაში, რამდენადაც „კავეზეს“ ფეხბურთელებს, როგორც პირველი ტაიმის დარჩენილი 25 წუთის, ასევე, მეორე ტაიმის საწყისი 26 წუთის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებისთვის, საფეხბურთო იღბალთან ერთად, არც სათანადო ოსტატობა და არც შესაბამისი მონდომება უწყობთ ხელს. ამის მიუხედავად, ანგარიში მაინც თანაბრდება, როდესაც შეხვედრის 71-ე წუთზე პასარელას „საპასუხო“ გოლი გააქვს საკუთარ კარში. სახელოვანი არგენტინელის ასეთ „ქველმოქმედებას“ პარტნიორები სწრაფი შეტევით პასუხობენ და სამიოდე წუთში კარლ-ჰაინც რუმენიგეს დარტყმული ბურთი მეორედ არხევს „კავეზეს“ კარის ბადეს. 90-ე წუთზე კი, ალესანდრო ალტობელის მესამე გოლი შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს — 3–1 „ინტერის“ სასარგებლოდ. ტურნირის პირველი წრის მომდევნო შეხვედრას — 1986 წლის 27 აგვისტოს ქალაქი კატანია მასპინძლობს, სადაც ანჯელო მასიმინოს სახელობის სტადიონზე „ინტერი“ ადგილობრივ „კატანიას“ ეთამაშება. აქაც, ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ანგარიშს კვლავ სტუმრები ხსნიან — მე-10 წუთზე პასარელას „ინტერის“ მაისურით თავისი მეორე სათასო გოლი გააქვს, ამჯერად მოწინააღმდეგის კარში — 1–0. 35-ე წუთზე მილანელთა ნახევარმცველი — ადრიანო პირაჩინი კიდევ უფრო აწინაურებს თავის გუნდს — 2–0. ამის შემდეგ, ხუთიოდე წუთში კატანიელები ერთი ბურთის გაქვითვას ახერხებენ — გოლი კარლო ბორგის ანგარიშზეა — 2–1. თუმცა, რუმენიგეს (მე-60 წუთზე) და ალტობელის (75-ე წუთზე) ზუსტი დარტყმები ამჯერად სამბურთიანი სხვაობით აწინაურებენ „ინტერს“. ანგარიში შეხვედრის ბოლომდე უცვლელი რჩება — 4–1 „ნერაძურის“ სასარგებლოდ.
- აღნიშნულ წყაროში გოლების გრაფაში დანიელ პასარელას ნაცვლად შეცდომით მითითებულია რიკარდო გარეკა (Ricardo Gareca).
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads