From Wikipedia, the free encyclopedia
სმარტფონი (smartphone ან smart phone, ითარგმნება როგორც „ჭკვიანი ტელეფონი“) — მობილური ტელეფონი, რომელიც მუშაობს განვითარებულ მობილურ ოპერაციულ სისტემაზე.[1][2][3] ის როგორც წესი, მოიცავს ფუნქციებს ფიჭური კავშირგაბმულობის ტელეფონისა და სხვა პოპულარული მობილური მოწყობილობებისას, როგორებიცაა პერსონალური ციფრული ასისტენტი (Personal digital assistant - PDA), პორტაბელური მედია ფლეიერი (Portable media player) და GPS ნავიგატორი (GPS navigation device). სმარტფონების უმეტესობას აქვს სენსორული ეკრანი, შესაძლებელია ჩაიტვირთოს არასაფირმო (third-party) აპლიკაციები და ასევე შეუძლია სურათისა და ვიდეოს გადაღება ჩაშენებული კამერ(ებ)ის საშუალებით. 2012 წლიდან დამზადებული სმარტფონების უმრავლესობას ასევე აქვს მაღალ-სიჩქარიანი 4G LTE ინტერნეტი, მოძრაობის სენსორები, და მობილური გადახდის მექანიზმები.
2014 წელს, მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვების რაოდენობამ 1.2 მილიარდს მიაღწია, რაც 28 %-ით მეტია 2013 წლის გაყიდვებზე.[4]
სატელეფონო და კომპიუტერული ფუნქციების გაერთიანებით წარმოდგენილი მოწყობილობების პირველი კონცეპტი შექმნა ბერძენმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა, თეოდოროს პარასკევაკოსმა (Theodore Paraskevakos) 1971 წელს და დააპატენტა 1974-ში. თავად მოწყობილობები კი გაყიდვაში 1993 წლიდან გამოვიდა. მან პირველმა წარადგინა ჭკვიანი შესაძლებლობების, მონაცემთა დამუშავების (Data processing) ფუნქციებისა და ელექტრონული ვიზუალური ეკრანების კონცეპტები ტელეფონებში, რამაც სმარტფონების ერას დაუდო საფუძველი. 1971 წელს, პარასკევაკოსი მუშაობდა კორპორაცია ბოინგთან, აშშ-ს შტატ ალაბამას ქალაქ ჰანთსვილში (Huntsville, Alabama) და წარადგინა გადამცემი და მიმღები რომელიც უზრუნველყოფდა დამატებით გზებს დისტანციური მართვის აღჭურვილობასთან კომუნიკაციისათვის, თუმცა მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ზოგადი დანიშნულების PDA (Personal digital assistant - პერსონალური ციფრული ასისტენტი) აპლიკაციები სმარტფონის ტიპის უკაბელო მოწყობილობებისთვის. ამ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვეს აშშ-ს შტატ ალაბამას ქალაქ ლისბურგის (Leesburg, Alabama) სახალხო სატელეფონო კომპანია და წარუდგინეს სხვა რამდენიმე სატელეფონო კომპანიას. ორიგინალი და ისტორიული მუშა მოდელები ჯერ კიდევ პარასკევაკოსის მფლობელობაშია.[5]
პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც შეიცავდა PDA (Personal digital assistant - პერსონალური ციფრული ასისტენტი) ფუნქციებს, იყო კორპორაცია IBM-ის პროტოტიპი, რომელიც 1992 წელს დამზადდა და საზოგადოებას წარუდგინეს იმავე წელს, COMDEX-ის (კომპიუტერული გამოფენა) ჩვენებაზე. მომხმარებელთათვის საბოლოოდ დახვეწილი პროდუქტი გაყიდვაში 1994 წელს ჩაეშვა Simon Personal Communicator-ის სახელწოდებით, კომპანია BellSouth-ის მიერ. Simon იყო პირველი ფიჭური მოწყობილობა, რომელსაც ჭეშმარიტად შეგვიძლია ვუწოდოთ "სმარტფონი", თუმცა მას ასე არ ეძახდნენ 1994 წელს.[7][8][9] სატელეფონო ზარების წამოწყებისა და მიღების გარდა, Simon-ს შეეძლო ფაქსისა და იმეილის მიღება და გაგზავნა, ასევე მასში ჩატვირთული იყო სხვა რამდენიმე აპლიკაცია, როგორებიცაა: მისამართების წიგნაკი (address book), კალენდარი (calendar), შეხვედრების განრიგის მენეჯერი (appointment scheduler), კალკულატორი (calculator), მსოფლიოს საათების მაჩვენებელი (world time clock) და ჩანაწერების რვეული (note pad). ეს ყველაფერი მუშაობდა სენსორული ეკრანით, თითის ან სტილუსის გამოყენებით. Simon-ი პირველი სმარტფონი იყო, რომელიც მოიცავდა PDA (Personal digital assistant) ფუნქციებსაც.[10]
ტერმინი "smart phone" პირველად გამოჩნდა პრესაში 1995 წელს, რათა AT&T Corporation-ის მობილური მოწყობილობა - "PhoneWriter Communicator" აღეწერათ როგორც "ჭკვიანი ტელეფონი".[11]
1990-იანი წლების ბოლო ხანებში, მობილური ტელეფონის მრავალი მომხმარებელი ცალკე ატარებდა დამატებით PDA (Personal digital assistant) მოწყობილობას, რომელიც მუშაობდა ოპერაციული სისტემების ადრეულ ვერსიებზე, როგორებიცაა Palm OS, BlackBerry OS ან Windows CE/Pocket PC.[1] ეს სისტემები მოგვიანებით განვითარდნენ მობილურ ოპერაციულ სისტემებად.
1996 წელს, Nokia-მ გამოუშვა Nokia 9000 Communicator რომელიც აერთიანებდა კორპორაცია Geoworks-ის GEOS V3.0 ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებულ PDA-ს, და Nokia 2110-ზე დაფუძნებულ ციფრულ ფიჭურ ტელეფონს. ეს ორი მოწყობილობა შეკავშირებული იყო მბრუნავი ღერძით (hinge), რასაც შემდგომ ეწოდა გასაშლელი ტელეფონის ფორმის (Flip) ტიპის დიზაინი. გაშლილ მდგომარეობაში, მას ეკრანი ჰქონდა მაღლა და ქვემოთ კი ფიზიკური QWERTY კლავიატურა. პერსონალური ორგანაიზერი (personal organizer) უზრუნველყოფდა შემდეგ აპლიკაციებს: იმეილი, კალენდარი, მისამართების წიგნაკი (address book), კალკულატორი და ჩანაწერების რვეული (notebook) ტექსტური ვებ ბრაუზინგით, და ასევე ჰქონდა ფაქსის გაგზავნისა და მიღების ფუნქცია. როდესაც პერსონალური ორგანაიზერი დაიხურებოდა, მისი გამოყენება შეიძლებოდა როგორც ციფრული ფიჭური ტელეფონი.
1999 წლის ივნისში, კომპანია Qualcomm-მა გამოუშვა "CDMA Digital PCS Smartphone"-ი, რომელშიც ინტეგრირებული იყო Palm სისტემის PDA და ინტერნეტ კავშირი, ის ცნობილი იყო როგორც "pdQ Smartphone".[12]
2000 წლის დასაწყისში, Ericsson Mobile Communications-მა გამოუშვა Ericsson R380,[13] და ის იყო პირველი მოწყობილობა, რომელიც გაიყიდა "smartphone"-ის სტატუსით.[14] ის აერთიანებდა მობილური ტელეფონისა და PDA-ის ფუნქციებს, ჰქონდა მხარდაჭერა შეზღუდული ვებ ბრაუზინგის, და მისი ეკრანი რეზისტულ-სენსორული (Resistive touchscreen) იყო, რომელიც სტილუსით (Stylus) მუშაობდა.[15]
2001 წლის დასაწყისში, Palm, Inc.-მა წარადგინა Kyocera 6035, რომელიც აერთიანებდა PDA-სა და მობილურ ტელეფონს და მუშაობდა Verizon Wireless ოპერატორზე. მას ასევე ჰქონდა შეზღუდული წვდომა ინტერნეტთან.[16][17]
სანამ გამოჩნდებოდა Android, iOS და Blackberry, სმარტფონები როგორც წესი მუშაობდნენ Symbian ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც შექმნა კომპანია Psion-მა. 2010 წლის ბოლო ხანებამდე, ის იყო მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებული სმარტფონთა ოპერაციული სისტემა.
1999 წელს, იაპონურმა ფირმა NTT DoCoMo-მ გამოუშვა მისი პირველი სმარტფონები რათა გაევრცელებინა ქვეყნის მასშტაბით. ეს ტელეფონები მუშაობდნენ i-mode მობილურ ინტერნეტ სერვისზე, რაც ინფორმაციის გადაცემას 9.6 კილობიტი/წამი სიჩქარემდე უზრუნველყოფდა.[18] უკაბელო სერვისების მომავალი თაობებისგან განსხვავებით, NTT DoCoMo-ს i-mode-ი იყენებდა cHTML მარკირების ენას, რომელიც ზღუდავდა ტრადიციული HTML-ის ზოგიერთ ასპექტს, რათა გაზრდილიყო მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ამ მოწყობილობებისთვის. შეზღუდული ფუნქციონალი, პატარა ეკრანები და შეზღუდული ტრაფიკი (bandwidth) ტელეფონებს საშუალებას აძლევდა ნორმალურად ემუშავა დაბალსიჩქარიან ინტერნეტზე.[19]
i-mode-ის პოპულარიზაციამ NTT DoCoMo-ს საშუალება მისცა მოეგროვებინა დაახლოებით 40 მილიონი აბონენტი 2001 წლის ბოლოსთვის. ის ასევე იაპონიაში პირველ ადგილზე იყო საბაზრო კაპიტალით (Market capitalization), ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე. ეს ძალა დასუსტების საშიშროების წინაშე დადგა, როდესაც დაიწყო 3G ინტერნეტის აღზევება და განვითარებული შესაძლებლობების მქონე ტელეფონების გამოჩენა.[20]
იაპონიის საზღვრებს გარეთ სმარტფონები ჯერ კიდევ იშვიათობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების შუა ხანებში Microsoft-ის Windows Mobile-ზე დაფუძნებული ტელეფონების პოპულარობა იზრდებოდა აშშ-ში მცხოვრებ ბიზნეს მომხმარებლებში. მოგვიანებით, BlackBerry-მ მასიური გავრცელება ჰპოვა აშშ-ში, და 2006 წელს ამერიკელი მოსახლეობის მიერ მოხდა პოპულარიზება ფრაზის: "CrackBerry" (Crack ასოცირდება Crack cocaine-თან, კოკაინი, ნარკოტიკი) რადგან ხალხს საკმაოდ დამოკიდებულს ხდიდა მასზე.[21] კომპანიამ თავისი პირველი GSM მოწყობილობები გამოუშვა 2003 წელს, შემდეგი მოდელების სახით: BlackBerry 6210, BlackBerry 6220, და BlackBerry 6230.[22]
Symbian იყო ყველაზე პოპულარული სასმარტფონო ოპერაციული სისტემა ევროპაში, 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან ბოლო ხანებამდე. თავდაპირველად, Nokia-ს Symbian ტელეფონები გათვლილი იყო ბიზნესზე, როგორც Windows Mobile და BlackBerry მოწყობილობები იმ დროს. 2006 წლიდან მოყოლებული, Nokia-მ დაიწყო გართობაზე ორიენტირებული სმარტფონების დამზადება, რომლებიც ცნობილია Nokia-ს N სერიების სახელით. აზიაში, იაპონიის გამოკლებით, იგივე ტენდენცია იყო, როგორიც ევროპაში.
2007 წელს, Apple Inc.-მა წარადგინა iPhone-ი, ერთ-ერთი პირველი სმარტფონი, რომელიც მულტი-სენსორულ (Multi-touch) ინტერფეისზე მუშაობდა. iPhone-ი გამოირჩეოდა დიდი სენსორული ეკრანით, რომელიც პირდაპირ თითის დადებით მუშაობდა, და არა სტილუსით (stylus), კლავიატურით (keyboard), ან სატელეფონო ღილაკებით (keypad), რაც იმ დროის სმარტფონებისთვის დამახასიათებელი იყო.[23] 2008 წელს მზის სინათლე იხილა პირველმა Android სმარტფონმა HTC Dream (ასევე ცნობილია როგორც T-Mobile G1).[24][25] Android-ი არის ღია კოდის (Open source) მქონე პლათფორმა, რომელიც შექმნა ენდი რუბინმა (Andy Rubin) და ახლა მას ფლობს კომპანია Google.[26] მიუხედავად იმისა, რომ Android-ის გავრცელება თავდაპირველად შედარებით ნელა მიმდინარეობდა, მან დიდი პოპულარობა ჰპოვა 2010 წელს, და ახლა ბაზარზე დომინირებს.
ამ ახალმა პლათფორმებმა გამოიწვია ძველი სისტემების ჩაძირვა. Microsoft-მა, მაგალითად, ნულიდან დაიწყო ახალი ოპერაციული სისტემის შექმნა, რომელსაც ეწოდა Windows Phone. Nokia-მ მიატოვა Symbian-ი და გახდა Microsoft-ის პარტნიორი რათა Windows Phone-ი გამოეყენებინა თავის სმარტფონებში. Windows Phone მალევე გახდა რიგით მესამე ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა სმარტფონების ბაზარზე. Palm, Inc.-ის webOS სისტემა შეიძინა კომპანია HP-მ, რომელმაც მოგვიანებით მიჰყიდა კომპანია LG-ს რათა გამოეყენებინათ LG smart TV-ებისთვის (ჭკვიანი ტელევიზორი). BlackBerry Limited-მა, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Research In Motion, ასევე შექმნა ნულიდან ახალი პლათფორმა, BlackBerry 10.
მოცულობითი სენსორული ეკრანი (capacitive touchscreen) ასევე მოულოდნელი ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდა სმარტფონების კორპუსის ფორმებთან (Form factor) დაკავშირებით. 2007 წლამდე, ტელეფონებს ჰქონდათ, უმეტესად, ციფრების ფიზიკური ღილაკები ან ფიზიკური QWERTY კლავიატურა როგორც აგურის ფორმის კორპუსით, ასევე სლაიდის ფორმითაც. თუმცა, 2010 წლისთვის, ყველაზე გაყიდვადი ტელეფონებიდან აღარცერთს არ ჰქონდა ფიზიკური კლავიატურა.
''Android''-ი არის ღია წყაროს (open source) მქონე პლათფორმა, რომელიც შექმნა ენდი რუბინმა (Andy Rubin) 2003 წლის ოქტომბერში და პროექტს შემდგომში მხარი დაუჭირა კომპანია Google-მა, სხვა დეველოპერებთან ერთად (მათ შორისაა Intel, HTC, ARM, Motorola და Samsung) რომლებიც ერთიანდებიან ღია ხელსაწყოების ალიანსში (Open Handset Alliance).[26] 2008 წლის ოქტომბერში, HTC-მ გამოუშვა HTC Dream, Android-ის პირველი სმარტფონი.[24][25] ტელეფონში ჩატვირთული პროგრამების ნაკრებში შედიოდა Google-ის აპლიკაციები, როგორებიცაა Maps, Calendar, და Gmail, და ასევე სრული HTML ვებ ბრაუზერი. Android-ს აქვს მხარდაჭერა არასაფირმო (third-party) აპებისა (apps), რომლებიც ხელმისაწვდომია Google Play-ზე. ეს არის Android-ის აპლიკაციების მარკეტი, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის ოქტომბერში როგორც Android Market. 2010 წლის ბოლო პერიოდში, Android-ი გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების პლათფორმა.[46]
iOS არის მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც შექმნა Apple Inc.-მა და ჩატვირთა ექსკლუზიურად Apple-ის მოწყობილობებში. ეს ის ოპერაციული სისტემაა, რომელზეც მუშაობს ეფლის iმოწყობილობები. 2007 წელს, Apple Inc.-მა წარადგინა iPhone, iOS-ის პირველი მოწყობილობა და ერთ-ერთი პირველი იმ სმარტფონებიდან, რომლებიც იყენებენ მულტისენსორულ (multi-touch) ინტერფეისს. iPhone-ი გამოირჩეოდა დიდი სენსორული ეკრანით, რომელიც პირდაპირ თითის დადებით მუშაობდა, და არა სტილუსით (stylus), კლავიატურით (keyboard), ან სატელეფონო ღილაკებით (keypad), რაც იმ დროის სმარტფონებისთვის დამახასიათებელი იყო.[23] 2008 წელს, Apple-მა აამოქმედა App Store, რომლის საშუალებითაც iPhone-ის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დააინსტალირონ არასაფირმო (third-party) აპლიკაციები. თავდაპირველად მხოლოდ 500 აპლიკაცია იყო მარკეტზე,[47] თუმცა App Store-ის აპების ჩამოტვირთვების რაოდენობამ 1 მილიარდს მიაღწია პირველ წელს, ხოლო 2014 წლისთვის ამ რიცხვმა 75 მილიარდს გადააბიჯა.[48][49] 2015 წლის იანვარში, Apple-მა განაცხადა, რომ მათ უკვე გაყიდული ჰქონდათ iOS-ის ერთი მილიარდი მოწყობილობა.[50]
2010 წელს, Microsoft-მა წარმოადგინა Windows Phone 7 - "Metro" სტილის ინტერფეისით. ამ სისტემამ შეცვალა ძველი Windows Mobile. Windows Phone 7-ში ინტეგრირებულია Microsoft-ის სერვისები, როგორებიცაა OneDrive, Office, Xbox and Bing, ასევე სხვა კომპანიების სერვისები, როგორიცაა Facebook, Twitter და Google accounts. ამ პლათფორმაზე მუშაობს Microsoft Mobile-ის სმარტფონები. Windows Phone-მა ბევრი დადებითი შეფასება მიიღო ტექნოლოგიური პრესისგან, და შეაქეს მისი უნიკალურობისა და განსხვავებულობის გამო.[51][52][53] 2012 წელს, Microsoft-მა გამოუშვა Windows Phone 8, რამაც წინა Windows CE-ზე დაფუძნებული არქიტექტურა შეცვალა Windows NT ბირთვზე (kernel) დაფუძნებული სისტემით, რომლის მრავალი კომპონენტი შემოსული იყო Windows 8-დან, რაც აპლიკაციებს საშუალებას აძლევდა ამ ორ პლათფორმას შორის პორტირება მარტივად მომხდარიყო.
1999 წელს, Research In Motion-მა (ახლანდელი BlackBerry Limited) გამოუშვა მისი პირველი BlackBerry მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაცულ email კომუნიკაციებს. სერვისებში, როგორიცაა BlackBerry Messenger, ინტეგრირებულია ყველა სახის კომუნიკაცია. 2012 წლის სექტემბერში, RIM-მა (Research In Motion) განაცხადა რომ 200 მემილიონე BlackBerry სმარტფონი უკვე დამზადდა და გაიგზავნა. 2014 წლის სექტემბრის თვისთვის, BlackBerry-ის სერვისების აბონენტების (subscribers) რაოდენობამ 46 მილიონს მიაღწია.[54] 2013 წლის დასაწყისში, RIM-მა სახელი შეიცვალა და გახდა BlackBerry Limited, ხოლო 2013 წლის 30 იანვარს გამოუშვა ახალი პლათფორმა - "BlackBerry 10".[55]
Firefox OS (თავდაპირველად ერქვა boot to gecko პროექტი) წარადგინა Mozilla-მ 2012 წლის თებერვალში. ის შეიქმნა მობილური მოწყობილობების ალტერნატიული სისტემით, რომელიც სრულად იყო დაფუძნებული საზოგადოებრივ ფუნქციონალზე, იყენებს ღია სტანდარტებს (open standards) და HTML5-ის აპლიკაციებს. Firefox OS-ის პირველი ოფიციალური ტელეფონები იყო ZTE Open და Alcatel One Touch Fire. 2014 წლისთვის, უკვე სხვა კომპანიებიც იყვნენ Mozilla-ს პარტნიორები, მათ შორისაა Panasonic (რომელიც ამზადებს ჭკვიან ტელევიზორს Firefox OS სისტემით) და Sony.[56]
The Sailfish OS დაფუძნებულია Linux kernel-ზე და Mer-ზე.[57] ასევე Sailfish OS-ში შედის კომპანია Jolla-ს მიერ დაპროგრამებული მრავალ-ამოცანიანი (multi-tasking) სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც მთლიანად კერძო საკუთრებაა. ასეთი ინტერფეისი განასხვავებს Jolla-ს სმარტფონებს სხვებისგან.[58] Sailfish OS-ის შემქმნელთა უმრავლესობა სავარაუდოდ MeeGo-ს გუნდიდანაა, რომელმაც დატოვა Nokia რათა ჩამოეყალიბებინათ Jolla, Nokia-ს "Bridge" პროგრამის დაფინანსების წყალობით. ეს პროგრამა ეხმარება Nokia-ს ყოფილ თანამშრომლებს დამწყები (start-up) კომპანიების ჩამოყალიბებაში.[59][60][61]
Tizen არის Linux kernel-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა მოწყობილობებისთვის, მათ შორის სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, მანქანის შინა მოწყობილობებისთვის (In car entertainment), ჭკვიანი ტელევიზორებისთვის (smart TV), ლეპტოპებისთვის და სმარტ კამერებისთვის. Tizen არის Linux Foundation-ის პროექტი და მას უძღვება ტექნიკური საორგანიზაციო ჯგუფი (Technical Steering Group - TSG) რაშიც მონაწილეობს Samsung-ი და Intel-ი სხვებთან ერთად. 2014 წლის აპრილში, Samsung-მა გამოუშვა სმარტსაათები: Samsung Gear 2 და Gear 2 Neo, რომლებიც Tizen-ზე მუშაობენ.[62] Samsung Z1 არის Samsung-ის პირველი სმარტფონი, რომელშიც ჩატვირთულია Tizen სისტემა; Samsung Z1 გამოვიდა ინდურ ბაზარზე 2015 წლის 14 იანვარს.[63]
Ubuntu Touch (ასევე ცნობილია როგორც Ubuntu Phone) არის Ubuntu სისტემის მობილური ვერსია, რომელიც შექმნა Canonical UK Ltd-მ და Ubuntu Community-მ.[64] ის შექმნილია ძირითადად სენსორული ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობებისთვის, როგორიცაა სმარტფონები და პლანშეტები.
Symbian თავდაპირველად შექმნა კომპანია Psion-მა როგორც EPOC32. 2010 წლის ბოლომდე, ის იყო მსოფლიოში ყველაზე მოხმარებადი მობილური ოპერაციული სისტემა, თუმცა ამ პლათფორმამ ვერასდროს ნახა აშშ-ში ისეთი პოპულარობა, როგორც ევროპასა და აზიაში. პირველი Symbian ტელეფონი, სენსორული ეკრანის მქონე Ericsson R380, გამოვიდა 2000 წელს,[65][66] და ის იყო პირველი მოწყობილობა, რომელიც "smartphone"-ის სტატუსით გაიყიდა.[67] ის აერთიანებდა PDA-სა და მობილურ ტელეფონს.[68] 2011 წლის თებერვალში, Nokia-მ განაცხადა რომ Symbian-ი შეიცვლებოდა Windows Phone-ით, როგორც ყველა მისი მომავალი სმარტფონის ოპერაციული სისტემა, და ძველი პლათფორმა დავიწყებას მიეცემოდა რამდენიმე წელიწადში.[69]
Windows Mobile შექმნეს Windows CE ბირთვის (kernel) ბაზაზე და პირველად გამოჩნდა როგორც Pocket PC 2000 ოპერაციული სისტემა. მთელ მის სიცოცხლის პერიოდში, ის წარმოდგენილი იყო როგორც სენსორულ (touchscreen), ასევე არა-სენსორულ (non-touchscreen) ფორმატებში. მასში ჩატვირთული იყო Microsoft Windows API-ის აპლიკაციების კრებული და მისი დიზაინი გარკვეულწილად მიმსგავსებული იყო Windows-ის desktop ვერსიებს. არასაფირმო (third party) აპლიკაციების შექმნა Windows Mobile-ისთვის შესაძლებელი იყო microsoft-ის შეზღუდვების გარეშე. აპლიკაციების შეძენა შესაძლებელი იყო Windows Marketplace for Mobile-ზე, ამ სერვისის სიცოცხლის მოკლე პერიოდის განმავლობაში. Windows Mobile უკვე აღარ იწარმოება, რადგან ბაზარზე შემოვიდა ახალი, გაუმჯობესებული სისტემა - Windows Phone.
სმარტფონებისთვის Bada ოპერაციული სისტემა წარადგინა Samsung-მა, 2009 წლის ნოემბერში.[70][71] პირველი Bada ტელეფონი იყო Samsung Wave S8500, რომელიც 2010 წლის ივნისში გამოვიდა.[72][73][74] 2011 წლის მე-2 კვარტალში, Samsung-მა გასაყიდად გაიტანა 4.5 მილიონი Bada ტელეფონი.[75] 2013 წელს, Bada შეუერთდა მსგავს პლათფორმას - Tizen-ს.
2001 წლის ბოლო ხანებში, კომპანია Handspring-მა გამოუშვა Springboard GSM ტელეფონების მოდული. 2002 წლის მაისში, Handspring-მა გამოუშვა Palm OS სისტემის სმარტფონი - Treo 270, რომელსაც არ ჰქონდა Springboard-ის მხარდაჭერა. Treo-ს ჰქონდა ვებ ბრაუზერი, იმეილი, კალენდარი, კონტაქტების მენეჯერი და ასევე მასში შესაძლებელი იყო არასაფირმო (third-party) აპლიკაციების ჩაწერა.[76] Handspring-ი შეიძინა Palm, Inc-მა, რომელმაც გამოუშვა Treo 600 და კვლავ აგრძელებდა Treo მოწყობილობების გამოშვებას, რომელთა შორისაც, ზოგიერთი მათგანი Windows Mobile სისტემაზე მუშაობდა. Hewlett-Packard-მა (HP), 2011 წელს Palm-ის შეძენის შემდეგ, გააუქმა მისი webOS სმარტფონებისა და პლანშეტების წარმოება.[77]
webOS შექნა კომპანია LG-მ, თუმცა პლათფორმის ზოგიერთი ნაწილი ღია კოდია (open source). webOS არის კერძო მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც Linux-ის ბირთვზე (kernel) მუშაობს, რომელიც თავდაპირველად შექმნა Palm-მა, და ამ სისტემით გამოუშვა Palm Pre სმარტფონი. მას შემდეგ, რაც Palm-ი შეიძინა კომპანია HP-მ, 2011 წელს წარდგენილ იქნა ორი სმარტფონი (Veer და Pre 3) და პლანშეტი (the TouchPad), რომლებიც webOS-ზე მუშაობენ. 2011 წლის 18 აგვისტოს, HP-მ განაცხადა რომ webOS-ის მოწყობილობების წარმოება შეწყდებოდა,[78] მაგრამ გაგრძელდებოდა webOS სისტემის განახლება და ტექნიკური დახმარება.[79] HP-მ გამოუშვა webOS როგორც ღია წყარო (open source) - Open webOS-ის სახელწოდებით, და გეგმაში იყო მისი განახლება დამატებითი ფუნქციებით.[80] 2013 წლის 25 თებერვალს, HP-მ განაცხადა, რომ WebOS მიჰყიდა კომპანია LG Electronics-ს, რომელსაც გეგმაში ჰქონდა ამ ოპერაციული სისტემის გამოყენება მისი "smart" და ინტერნეტ ტელევიზორებისთვის.
Apple-ის App Store-ის გამოსვლამ, iPhone-ისა და iPod Touch-ისთვის 2008 წლის ივლისში, მოახდინა დიდი პოპულარიზება მწარმოებლების ოფიციალური ონლაინ დისტრიბუციის სერვისებისა, სადაც კონკრეტული მოწყობილობებისთვის ხელმისაწვდომია როგორც საფირმო (first party), ასევე არასაფირმო (third party) აპლიკაციები. ოფიციალური საფირმო სერვისების ჩამოყალიბებამდე, აპლიკაციების დისტრიბუცია ხდებოდა არასაფირმო (third-party) პლათფორმებით, რომლებიც მომხმარებლებს უზრუნველყოფდნენ აპლიკაციებით მრავალი მოწყობილობისთვის, როგორიცაა GetJar, Handango, Handmark, და PocketGear.
App Store-ის წარმატების კვალდაკვალ, სმარტფონების სხვა მწარმოებლებმაც გახსნეს აპლიკაციის მარკეტები, მაგალითად Google-ის Android Market შემოვიდა 2008 წლის ოქტომბერში და RIM-ის BlackBerry App World კი 2009 წლის აპრილში. 2014 წლის თებერვალში, მობილური პროგრამების დეველოპერების 93%-მა პირველადი პრიორიტეტი მიანიჭა სმარტფონების მობილური აპების შექმნას.[81]
სმარტფონების ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი ფაქტორი არის მისი ეკრანი. ის როგორც წესი თითქმის მთლიანად (დაახლოებით 70 %-ს) ფარავს ტელეფონის ზედაპირს; ეკრანის ზომით ხშირად განსაზღვრავენ ტელეფონის ზომას. სმარტფონების ეკრანების შეფარდება (aspect ratio) არის ხოლმე როგორც წესი 4:3 ან 16:9.
ასევე იზომება ეკრანის დიაგონალური სიგრძე. და იწყება დაახლოებით 2.45 ინჩიდან.[82] 5.2 ინჩზე გრძელი დიაგონალის ეკრანის მქონე ტელეფონებს ფაბლეტებს უწოდებენ. 4.5 ინჩზე გრძელი ეკრანის შემთხვევაში, სმარტფონს ორი ხელით იყენებენ ან ერთი ხელში ამოძრავებენ, რადგან ცერა თითს არ შეუძლია მთელ ზედაპირს გაწვდეს ამხელა ეკრანზე. არსებობს ეკრანების ტექნოლოგიის შემდეგი ტიპები: LCD, LED, OLED, AMOLED, IPS და სხვები.
2012 წლის მესამე კვარტალში, მსოფლიოში გამოიყენებოდა ერთი მილიარდი სმარტფონი.[83] სმარტფონების გლობალურმა გაყიდვებმა გადაუსწრო ფუნქციური ტელეფონების (features phones) გაყიდვებს 2013 წლის ადრეულ ხანებში.[84] 2013 წლისთვის, აშშ-ს მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 65 პროცენტი ფლობდა სმარტფონს.[85] ასევე 2013 წელს, ევროპის მობილური მოწყობილობების ბაზარი 860 მილიონ მოწყობილობას შეადგენდა.[86] 2012 წლის მეორე კვარტალში, ჩინეთში მობილური მოწყობილობების ნახევარი სმარტფონებზე მოდიოდა[87] და 2014 წელს იქ 519.7 მილიონი სმარტფონის მომხმარებელი არსებობდა, და ეს რიცხვი სავარაუდოდ 700 მილიონამდე გაიზრდება 2018 წლისთვის.[88]
2011 წლის ნოემბრის თვისთვის, ყველა არსებული ფოტოსურათის 27 %-ი წარმოადგენდა სმარტფონებით გადაღებულ სურათს.[89] 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა კვლევა, რამაც აჩვენა რომ ყოველი 5 სმარტფონის მომხმარებლიდან 4 საყიდლებისთვის ამ მოწყობილობას იყენებს.[90] 2013 ივნისში ასევე ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, ამერიკელ ზრდასრულთა 56 % ფლობს გარკვეული ტიპის სმარტფონს. Android-ისა და iPhone-ის მფლობელები - მობილური ტელეფონების მომხმარებელთა ნახევარში შედიან. სმარტფონების მოხმარების სტატისტიკაში ლიდერობენ უმეტესად მაღალი შემოსავლის მქონე და 35 წელს ქვემოთ მყოფი ზრდასრულები.[91]
2013 წელს, მსოფლიოში დამზადდა 1 მილიარდი სმარტფონი (38 %-ით მეტი ვიდრე 2012 წელს - 725 მილიონი).[92]
წყარო | თარიღი | Samsung | Apple Inc. | Huawei | Xiaomi | Lenovo | LG | სხვები | მინიშნება |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Gartner | Q3 2014 | 24.4 % | 12.7 % | 5.3 % | 5.2 % | 5.0 | N/A | 47.5 % | [93] |
IDC | Q3 2014 | 23.7 % | 11.7 % | N/A | 5.2 % | 5.1 % | 5.0 % | 49.3 % | [94] |
IDC | Q2 2014 | 24.9 % | 11.7 % | 6.7 % | N/A | 5.2 % | 4.8 % | 46.7 % | [95] |
Gartner | Q4 2013 | 29.5 % | 17.8 % | 5.7 % | N/A | 4.6 % | 4.5 % | 37.9 % | [96] |
წყარო | თარიღი | Apple Inc. | Samsung | LG | Motorola | HTC | სხვები | მინიშნება |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
comScore | January 2015 | 41.3 % | 29.3 % | 8.0 % | 5.2 % | 3.8 % | 12.4 % | [97] |
comScore | October 2014 | 41.9 % | 29.3 % | 7.4 % | 5.2 % | 4.1 % | 12.1 % | [97] |
comScore | March 2014 | 41.4 % | 27.0 % | 6.7 % | 6.4 % | 5.4 % | 13.1 % | [98] |
comScore | March 2013 | 39.0 % | 21.7 % | 6.8 % | 8.5 % | 9.0 % | 15.0 % | [99] |
2011 წელს, კომპანია Apple-ს ჰქონდა ყველაზე დიდი საბაზრო წილი მსოფლიოში. 2013 წელს, Samsung-ს ჰქონდა 31.3 % საბაზრო წილი, ოდნავ მეტი ვიდრე 2012 წელს - 30.3 %, როდესაც Apple-ი 15.3 %-ზე იყო, რაც შედარებით ნაკლებია ვიდრე 2012 წელს - 18.7 %. Huawei, LG და Lenovo, თითოეული დაახლოებით 5 %-ზე იყო, რაც უკეთესი იყო 2012 წელთან შედარებით. მხოლოდ Apple-მა დაკარგა საბაზრო წილი, თუმცა მისი მოწყობილობების წარმოება 12.9 პროცენტით გაიზარდა; დანარჩენებმა მკვეთრად გაზარდეს წარმოება 36-დან 92 პროცენტამდე.[100] 2014 წლის პირველ კვარტალში, Samsung-ს ჰქონდა 31 % საბაზრო წილი, ხოლო Apple-ს 16 %.[101] 2014 წლის მეოთხე კვარტალში, Apple-ს ჰქონდა 20.4 % წილი, ხოლო Samsung-ს 19.9 %.[4]
2015 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ში, Android-ის საბაზრო წილი შეადგენდა 53.2 %-ს; Apple-ის iPhone-ს ჰქონდა 41.3 % წილი, ხოლო Samsung-ის Android-ის სმარტფონებს კი 29.3 %.[97]
სმარტფონების ბაზარზე დომინირებს Android-ის ოპერაციული სისტემა 2010 წლიდან. Android-ის საბაზრო წილი გაიზარდა 2011 წლის მეოთხე კვარტლის 33.2 %-დან 2013 წლის მეოთხე კვარტლის 78.1 %-მდე. იმავე პერიოდში Apple-ის საბაზრო წილი მერყეიბდა 15 %-სა 20.9 %-ს შორის. BlackBerry-ის წილი დაეცა 2011 წლის მეოთხე კვარტლის 14.3 %-დან 2013 წლის მეოთხე კვარტლის 0.6 %-მდე. იმავე პერიოდში Windows Mobile-ის საბაზრო წილი გაიზარდა 1.5 %-დან 3 %-მდე.[102]
2014 წლის ბოლო ხანებში, Android-ი იყო ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, 84.4 %-იანი საბაზრო წილით, შემდეგ მოდიოდა iOS — 11.7 %-იანი წილით, Windows Phone — 2.9 %-ით, BlackBerry — 0.5%-ითა და ყველა სხვა დანარჩენი 0.6 %-ით.[103]
წელი | Android (Google) | iOS (Apple) | Windows Mobile/Phone (Microsoft) | BlackBerry (formerly RIM) | Symbian (Nokia) | Palm/WebOS (Palm/HP) | Bada (Samsung) | სხვები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
2007[104] | 3.3 | 14.7 | 11.77 | 77.68 | 1.76 | |||
2008[104] | 11.42 | 16.5 | 23.15 | 72.93 | 2.51 | |||
2009[105] | 6.8 | 24.89 | 15.03 | 34.35 | 80.88 | 1.19 | ||
2010[106] | 67.22 | 46.6 | 12.38 | 47.45 | 111.58 | |||
2011[107] | 219.52 | 89.26 | 8.77 | 51.54 | 93.41 | 9.6 | 14.24 | |
2012[108] | 451.62 | 130.13 | 16.94 | 34.21 | 15.9 | 47.20 | ||
2013[108] | 758.72 | 150.79 | 30.84 | 18.61 | 8.82 | |||
2014 Q1[109] | 229 | 43.7 | 6.2 | 3.4 | 0.3 | |||
2014 Q2[110][111] | 255 | 43.7 | 7.4 | |||||
2014 Q3[93] | 250.06 | 38.19 | 9.03 | 2.42 | 1.31 |
სმარტფონებს ახასიათებთ გარკვეული თვისებები, რაც ნაკლებად ეხება სხვა მობილურ ტელეფონებს.
არასმარტფონებთან შედარებით, სმარტფონების სრულად დატენვით, მუშაობის ხანგრძლივობა ბევრად მცირეა და მომხმარებელთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს.[112][113][114]
მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება (overuse) დამოკიდებულობის სინდრომად არის ქცეული ტელეფონების უამრავი მომხმარებლისთვის.[115]
ტერმინი - "გადაჭარბებული გამოყენება" ("dependence syndrome") გამოიყენება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ "დამოკიდებულების" (addiction) და "ჩვევის" (habituation) მაგივრად.[116] ICD-ის მე-10 რევიზიის (ICD-10) მიხედვით ეს პრობლემა შედის როგორც ტელეფონზე დამოკიდებულების, ასევე მავნე ნივთიერებების (substance abuse) კატეგორიაში, როგორიცაა ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამბაქო.[117] ნივთიერები მავნე ზეგავლენა შეიძლება განისაზღვროს 11 ფაქტორით - DSM-ის მე-5 გამოცემის (DSM-5) მიხედვით, მათ შორისაა:
მობილური ტელეფონის ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ სუბსტანციის მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ ქცევებს ავლენს, როგორიცაა გადამეტებული ზრუნვა და ფიზრი მობილურ კომუნიკაციაზე, მობილურ ტელეფონებზე გადაჭარბები ფულის ან დროის ხარჯვა, ტელეფონის გამოყენება სოციალურად ან ფიზიკურად შეუფერებელ სიტუაციებში, მაგალითად მანქანის მართვის დროს, შფოთვა და მღელვარება ტელეფონისგან განცალკევებულად ყოფნის ან არასაკმარისი სიგნალის მოწოდების დროს.
მობილური ტელეფონების გადაჭარბებულმა მოხმარებამ (Over-use) შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა სოციალურ და ფსიქოლოგიურ ყოფაზე, ასევე ჯანმრთელობაზე.[119]
სოციალურ სამეცნიერო პერსპექტივაში დღეს ძალიან ბევრ ადამიანზე მოახდინა უზარმაზარი გავლენა მობილურმა ტელეფონმა. თავის წიგნში: Perpetual contact: mobile communication, private talk, public performance,[120] ავტორი - ჯეიმზ კატზი (James E. Katz) წერს: "მათ [მობილურმა ტელეფონებმა] გარდაქმნეს სოციალური პრაქტიკა და შეცვალეს ბიზნესის კეთების გზა, და მაინც, გასაკვირია და ჯერ მხოლოდ მცირედ გვაქვს გაცნობიერებული მათი ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე."
მრავალი ადამიანი რეალურ სივრცეში ურთიერთობას ცვლის ვირტუალურით. კლინიკური ფსიქოლოგი - ლიზა მერლოუ (Lisa Merlo) ამბობს, "ზოგიერთი პაციენტი თავს იკატუნებს ვითომ ტელეფონზე ლაპარაკობს ან რამეს აკეთებს ტელეფონში, რათა აირიდოს თვალის კონტაქტი ან სხვა ურთიერთქმედება ადამიანებთან ურთიერთობის დროს."[121] კვლევითი კომპანიის, Gazelle Global-ის, მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა რომ, „25 %-ზე მეტი რესპონდენტი აღიარებს, რომ „თითქმის ყოველთვის“ იყენებს სმარტფონს სოციალურ გარემოში ყოფნის დროს, მაგალითად ჭამის დროს ან წვეულებაზე ყოფნისას. 58 %-მა კი თქვა რომ „ჩვეულებრივ“ ან „ხანდახან“ იყენებს სმარტფონს ასეთ ვითარებებში.“[122] გარდა ამისა,
ხალხი ფართო მასშტაბით შორდება რეალობას, და პირისპირ საუბრის მაგივრად, აგზავნიან უბრალოდ ტექსტს, რომელიც მოიცავს მცირე რაოდენობის სიტყვებსა და აბრევიატურებს. არის შეგრძნება, რომ ვირტუალურმა რეალობამ შეცვალა ბუნებრივი რეალობა. ეს ყველაფერი აშკარად ხელს უწყობს ისეთი ადამიანების ჩამოყალიბებას, რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც არ იყენებენ მობილურ ტელეფონს.[124]
სმარტფონების გვიან ღამით გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს ინსომნია, რაც გამოწვეულია კაშკაშა ეკრანით, რომელიც გავლენას ახდენს მელატონინის დონესა და ძილის ციკლზე ასევე მაღალი სიხშირის სატელეფონო სიგნალებით.[125][126][127][128]
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებში სექსუალური აქტივობა სმარტფონების მფლობელების შემთხვევაში უფრო ხშირია.[129] კვლევა ასევე ჩაატარა რენსელარის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Rensselaer Polytechnic Institute) საგანმანათლებლო კვლევის ცენტრმა (Lighting Research Center), რომლის შედეგების მიხედვით, სმარტფონებს შეუძლიათ სერიოზული გავლენა მოახდინონ ძილის ციკლზე.[130]
2014 წელს, რიო დე ჟანეიროში, 16 წლის გაბრიელ ლეაოს (Gabriel Cavalcante Carneiro Leao) დაეჯახა ავტობუსი, როდესაც გაბრიელს ყურადღება თავის სმარტფონზე ჰქონდა გადატანილი და თამაშობდა Google-ის ალტერნატიული რეალობის სტილის თამაშს - Ingress. ეს თამაში საჭიროებს რეალური ადგილმდებარეობების მონახულებას. ოთხ დღიანი კომის შემდეგ, ის გარდაიცვალა.[131]
სმარტფონების მწარმოებლებს შორის საპატენტო (არა მხოლოდ სმარტფონებთან დაკავშირებული) ომები დიდი ხანია მიმდინარეობს და ახლაც გრძელდება. ამ ომებში მრავალი კომპანია იმრძვის, მათ შორისაა Microsoft, Nokia, Sony, Apple, Samsung, Google, Motorola, HTC და Xiaomi.
მაგალითად "საპატენტო ომი" Samsung-სა და Apple-ს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც Apple-მა განაცხადა, რომ Galaxy S Android-ის ტელეფონში დაკოპირებული იყო Apple-ის iPhone 3GS-ის iOS-ის ინტერფეისი და სავარაუდოდ აპარატურაც (hardware).
სიაში მოცემულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სმარტფონების საპატენტო ომებთან დაკავშირებით.
საჩივრებისა და კონტრ-საჩივრების შეტანა სასამართლოში რეალურად დაიწყო 2009 წელს, რადგან ამ სმარტფონების ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდებოდა.
სამედიცინო მობილური აპლიკაციების რიცხვის ზრდასთან ერთად, სამთავრობო მარეგულირებელმა ორგანოებმა გაამკაცრეს ასეთი აპლიკაციების შემოწმება, რათა დაიცვას მომხმარებლები არასადნო სამედიცინო რჩევების მიღებისგან.[166]
სმარტფონებისთვის განკუთვნილი მავნე პროგრამები ადვილად ვრცელდება დაუცველი app store-ებიდან.[167][168] მავნე კოდი ხშირად დამალულია ლეგიტიმური აპლიკაციების პირატულ ვერსიებში, რაც შემდეგ ვრცელდება არასაფირმო (third-party) app store-ების საშუალებით.[169][170] მავნე პროგრამის შემოსვლის რისკი მაშინაც არის, როდესაც ხდება ეგრეთ წოდებული "update attack", ანუ როდესაც მომხმარებელი ცდილობს ლეგიტიმურ აპლიკაციაში ცვლილება შეიტანოს სხვა პროგრამის დაინსტალირებით.[171]
2012 წელს, აშშ-ი ყოველი მესამე ძარცვა ვლინდებოდა მობილური ტელეფონის მოპარვით. გაკეთდა ონლაინ პეტიცია, რომელიც მოუწოდებდა სმარტფონების მწარმოებლებს რომ მათ მოწყობილობებში დაემატებინათ მკვდარი გათიშვის (kill switch) ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მოპარული ან დაკარგული ტელეფონის დისტანციურად გაუქმება, ანუ გათიშვა, ისე რომ შიდა სისტემა დაზიანდეს იმდენად რომ სმარტფონის გამოყენება შეუძლებელი გახდეს.[172]
შექმნილია აპები, რომლებიც გარკვეულწილად "გრძნობენ" ადამიანის სავარაუდო სახიფათო და საშიშ სიტუაციაში ყოფნას და დაუყოვნებლივ ახდენენ გარკვეულ ზომებს დახმარების მისაღებად.
შემდეგ ცხრილში შედარებულია Apple-ის ყველა სმარტფონისა და Samsung-ის, Google-ის, Microsoft-ის, HTC-ისა და Motorola-ს ზოგიერთი მოდელის ეკრანის ზომები.
ბრენდი | სახელი | ეკრანის ზომა (დიაგონალი) | შენიშვნა |
---|---|---|---|
Apple | iPhone (1-ლი თაობა) | 3.5 ინჩი (8.9 სმ) | |
iPhone 3G | 3.5 ინჩი (8.9 სმ) | ||
iPhone 3GS | 3.5 ინჩი (8.9 სმ) | ||
iPhone 4 | 3.5 ინჩი (8.9 სმ) | ||
iPhone 4S | 3.5 ინჩი (8.9 სმ) | ||
iPhone 5 | 4 ინჩი (10 სმ) | [173] | |
iPhone 5C | 4 ინჩი (10 სმ) | [174] | |
iPhone 5S | 4 ინჩი (10 სმ) | [175] | |
iPhone 6 | 4.7 ინჩი (12 სმ) | [176] | |
iPhone 6 Plus | 5.5 ინჩი (14 სმ) | [176] | |
Samsung | Galaxy Spica | 3.2 ინჩი (8.1 სმ) | |
Galaxy S | 4 ინჩი (10 სმ) | ||
Galaxy S II | 4.3 ინჩი (11 სმ) | ||
Galaxy S III | 4.8 ინჩი (12 სმ) | ||
Galaxy S III Mini | 4 ინჩი (10 სმ) | ||
Galaxy S4 | 5 ინჩი (13 სმ) | ||
Galaxy S4 Mini | 4.27 ინჩი (10.8 სმ) | ||
Galaxy S5 | 5.1 ინჩი (13 სმ) | ||
Galaxy S5 Mini | 4.5 ინჩი (11 სმ) | ||
Galaxy S6 | 5.1 ინჩი (13 სმ) | ||
Galaxy Note (original) | 5.3 ინჩი (13 სმ) | ||
Galaxy Note II | 5.5 ინჩი (14 სმ) | ||
Galaxy Note 3 Neo | 5.5 ინჩი (14 სმ) | ||
Galaxy Note 3 | 5.7 ინჩი (14 სმ) | ||
Galaxy Note 4 | 5.7 ინჩი (14 სმ) | ||
Galaxy Note Edge | 5.6 ინჩი (14 სმ) | ||
Galaxy Alpha | 4.7 ინჩი (12 სმ) | ||
Galaxy Mega | 6.3 ინჩი (16 სმ) | ||
Galaxy Mega 2 | 6 ინჩი (15 სმ) | ||
Nexus S | 4 ინჩი (10 სმ) | ||
Galaxy Nexus | 4.65 ინჩი (11.8 სმ) | ||
Nexus One | 3.7 ინჩი (9.4 სმ) | ||
Nexus 4 | 4.7 ინჩი (12 სმ) | ||
Nexus 5 | 4.95 ინჩი (12.6 სმ) | ||
Nexus 6 | 5.96 ინჩი (15.1 სმ) | ||
Microsoft | Nokia N8 | 3.8 ინჩი (9.7 სმ) | |
Nokia Lumia 510 | 4 ინჩი (10 სმ) | ||
Nokia Lumia 520 | 4 ინჩი (10 სმ) | ||
Nokia Lumia 525 | 4 ინჩი (10 სმ) | ||
Nokia Lumia 530 | 4 ინჩი (10 სმ) | ||
Microsoft Lumia 535 | 5 ინჩი (13 სმ) | ||
Nokia Lumia 1320 | 6 ინჩი (15 სმ) | ||
Microsoft Lumia 535 | 5 ინჩი (13 სმ) | ||
Nokia Lumia 1520 | 6 ინჩი (15 სმ) | ||
HTC | HTC One V | 3.7 ინჩი (9.4 სმ) | |
HTC One X | 4.7 ინჩი (12 სმ) | ||
HTC Evo 4G | 4.3 ინჩი (11 სმ) | ||
HTC Evo 4G LTE | 4.7 ინჩი (12 სმ) | ||
HTC One (2013) | 4.7 ინჩი (12 სმ) | ||
HTC One (M8) | 5 ინჩი (13 სმ) | ||
HTC One Mini | 4.3 ინჩი (11 სმ) | ||
HTC One M9 | 5 ინჩი (13 სმ) | ||
HTC One Mini 2 | 4.5 ინჩი (11 სმ) | ||
Motorola | Moto X (1st generation) | 4.7 ინჩი (12 სმ) | |
Moto G (1st generation) | 4.5 ინჩი (11 სმ) | ||
Moto E (1st generation) | 4.3 ინჩი (11 სმ) | ||
Moto X (2nd generation) | 5.2 ინჩი (13 სმ) | ||
Moto G (2nd generation) | 5 ინჩი (13 სმ) | ||
Moto E (2nd generation) | 4.5 ინჩი (11 სმ) | ||
Sony | Xperia S | 4.3 ინჩი (11 სმ) | |
Xperia ion | 4.55 ინჩი (11.6 სმ) | ||
Xperia acro S | 4.3 ინჩი (11 სმ) | ||
Xperia sola | 3.7 ინჩი (9.4 სმ) | ||
Xperia T2 Ultra | 6 ინჩი (15 სმ) | ||
Xperia Z2 | 5.2 ინჩი (13 სმ) | ||
Xperia M2 | 4.3 ინჩი (11 სმ) ან 4.4 ინჩი (11 სმ) | ||
Xperia T | 4.4 ინჩი (11 სმ) | ||
Xperia C3 | 4.4 ინჩი (11 სმ) | ||
Xperia Z3 | 4.4 ინჩი (11 სმ) ან 5.1 ინჩი (13 სმ) |
"ფაბლეტი", phone-ისა და tablet-ის კომბინაცია, გამოიყენება დიდ ეკრანიანი სმარტფონების აღსანიშნავად.[177][178]
"Superphone" - სუპერფონი, ამ ტერმინს იყენებს ზოგიერთი კომპანია რათა გაყიდოს ტელეფონები, რომლებსაც აქვს დიდი ეკრანი და სხვა დამატებითი ძვირადღირებული ფუნქციები.[179][180]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.